სვანეთი

მდებარეობა

სვანეთი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა მდინარე კოდორის ზემოწელის ხეობები, ეგრეთ წოდებული “აფხაზეთის სვანეთი” ანუ ზემო აფხაზეთი, სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილი, ლეჩხუმისა და ზემო რაჭის მოსაზღვრე რეგიონი; ჩრდილო კავკასიაში – ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობები.

უშბა უშგული მესტია შხარა

ჰავა/კლიმატი

ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7ჩ, იანვარში -6,4ჩ, ივლისში 16,4ჩ. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25ჩ, აბსოლუტური მაქსიმუმი +35ჩ. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა.

ცხოველთა სამყარო

ზემო სვანეთი მდიდარია ცხოველებით. ტყეებში ბინადრობს: მურა დათვი, მგელი, არჩვი, კვერნა, მელა, ტურა, მაჩვი, დედოფალა. ალპურ ზონაში ბინადრობს ჯიხვი. ფრინველთაგან გავრცელებულია კავკასიური როჭო, დურაჯი, კავკასიური შურთხი, არწივი და სხვა იშვიათი ფრინველები.

მცენარეული საფარი

ზემო სვანეთის დაბალ ზონაში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი, იშვიათად წაბლნარიც. ქვეტყეს ქმნის ფოთოლმცვივანი და მარადმწვანე ბუჩქნარი. მთის შუა სარტყელში გავრცელებულია წიფლის ტყეები, ალაგ-ალაგ გვხვდება ნეკერჩხალი და რცხილა. ტყის ზემო სარტყელში ნაძვისა და სოჭის ტყეებია, მდინარეთა ჭალებში გავრცელებულია მურყნარი. ტყის ზონა მთავრდება სუბალპური ტყით. ზღვის დონიდან 2000-2200 მ ზემოთ სუბალპური მდელოები და დეკიანებია, უფრო მაღლა – ალპური მდელოები და ხალები.

ისტორია

ადრე საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ კი ეგრისის სამეფოსი. ძვ. წ. III ს-ის პირველ ნახევარში, მეფე ფარნავაზის მეფობისას სვანეთი ქართლის სამეფოს საერითაო იყო. IV საუკუნეში სვანეთი ლაზეთის სამეფოს მოკავშირე გახდა და ხშირად მონაწილეობდა სამეფოს საზღვრების დასაცავად წარმოებულ ლაშქრობებში. სვანეთი პერიოდულად დამოუკიდებელი იყო, გააჩნდა საკუთარი მთავარი და სატომო საბჭოები. ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს სვანეთი ქართლის შემადგენლობაში აღმოჩნდა, მაგრამ VI საუკუნის დასაწყისში ისევ დამოუკიდებელი გახდა. ქრისტიანობა სვანეთში, სავარაუდოდ, ლაზიკას სამეფოს მსგავსად 523 – 530 წლებში გავრცელდა.

სვანი კაცი სვანური ქუდით  სვანური ქუდი სვანური კოშკი ჰიდრო ელექტრო სადგური

VIII საუკუნის ბოლოს, სვანეთი სხვა ქართველ ტომებთან ერთად, ეგრის-აფხაზეთის სამეფოში შედიოდა, როგორც ერთ-ერთი საერისთაო. ამ დროსEეგრის-აფხაზეთის სამეფო თავისი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობით (ქართები, სვანები, მეგრელ-ჭანები), ქართულ ენაზე მღვდელმსახურებით, ტერიტორიითა და კულტურით ქართულ სამეფოს წარმოადგენდა. XII საუკუნეში სვანი ერისთავები საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. XIII საუკუნეში თამარის მეფობისას სვანები სამეფო ჯარში მსახურობდნენ. მოგვიანებით, XV საუკუნეში, ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, სვანეთი რამდენიმე ნაწილად დაიყო: სვანეთის სამთავროდ, იგივე სადადეშქელიანო სვანეთად ანუ ბალსქვემო სვანეთად (ბალის ქედის ქვედა მხარე); ბალსზემო (ბალის ქედის ზედა მხარე) სვანეთად ანუ “თავისუფალი სვანეთი”; და ქვემო სვანეთად. მაშინდელი ვითარების გამო სვანეთი საკმაოდ იზოლირებული აღმოჩნდა, დასუსტდა ეკლესია და სავაჭრო კავშირი მეზობელ რეგიონებთან. XVIII საუკუნის სვანეთის შესახებ მცირე ცნობებია შემონახული. ცნობილია, რომ სვანეთი ყოველთვის საქართველოს ეკლესიის შემადგენელი ნაწილი იყო და დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოებს ექვემდებარებოდა.

1857-58 წლებში სვანეთის სამთავრო გაუქმდა, მისი მოსახლეობა სვანეთის საბოქაულოში გაერთიანდა.

1875-76 წწ, მას შემდეგ რაც თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ მეფის რუსეთის მთავრობა გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებას აპირებდა, სვანეთში დაიწყო ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ ანტიკოლონიური აჯანყება. სამხედრო ნაწილთან პირველი შეტაკებისას ხალდელებმა თითქმის მთელი ასეული გაანადგურეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ხალხს 1200-კაციანი სამხედრო ნაწილი, მესანგრეთა და არტილერისტთა შენაერთები დაუპირისპირა. იერიში ხალდეს აღებით და სრული განადგურბით დამთავრდა. აჯანყების მრავალი მონაწილე დააპატიმრეს და შორეულ მხარეში გადაასახლეს. ამასთანავე აიკრძალა ხალდეში დასახლება. მიუხედავად საზოგადოების მხარდაჭერისა, აჯანყების ყველა მონაწილე დაისაჯა.

1917 წლამდე ზემო სვანეთის დიდი ნაწილი, როგორც სვანეთის საბოქაულო, ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა. 1921 წლიდან მესტიის რაიონს დაექვემდებარა 1 დაბა – მესტია და 134 სოფელი. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით სვანეთი მესტიის (ზემო სვანეთი) და ლენტეხის (ქვემო სვანეთი) რაიონებად იყოფა.

სვანური ენა

სვანური ენა ქართული ენის ერთ-ერთი უახლოესი მონათესავე ენაა, ქართულთან და ზანურთან (მეგრულ-ჭანურთან) ერთად წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო. სვანურ ენაში გამოიყოფა 4 დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემო სვანეთი); ლაშხური და ლენტეხური (ქვემო სვანეთი).

ბუნების ღირშესანიშნაობები

ზემო სვანეთში მრავალი ადგილია, სადაც ფეხით მისვლა, ბუნებით დატკბობა და დასვენება შეიძლება. განსაკუთრებით მიმზიდველია მესტიაში: ქორულდის ტბები, ჰაწვალი და ზურულდიდან გადასახედი; ბეჩოში: გულის მყინვარის მისადგომები, ბეჩოს უღელტეხილის ჩანჩქერი; შიხრის ველი უშბის ძირას; უშგულში: შხარას მისადგომები; კალაში: კვირიკეს ეკლესიიდან გადაშლილი კავკასიონის ქედის პანორამა; მულახში: ტყე, ალპური მდელოები და მდინარის ხეობები; იფარში: თეთნულდის მისადგომები სოფელ ადიშთან; წვირმი და იელი: უღვირის გადასასვლელიდან თეთნულდისა და უშბის ხედები. ცხუმარში: ენგურის ხეობის პანორამა.

უშბა ქორულდი თეთნულდი უღვირის ტბა

კულტურული მემკვიდრეობა

სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრე ბრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით.

მესტია ზემო სვანეთის რაიონული ცენტრია. საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 456 კმ-ის, ზუგდიდიდან 128 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს. მესტია მდებარეობს ქვაბულში, ენგურის აუზში, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე. მესტია უბნებად არის დაყოფილი: სეტი, ლეხთაგი, ლანჩვალი და ლაღამი.

მუზეუმში გამოფენილი თოფები ხატი მესტიის მუზეუმიდან ძველი ფოტო ჯვარი მესტიის მუზეუმიდან

სვანეთის განძის დიდი ნაწილი მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თავმოყრილი, რომელიც სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული უნიკალური მასალის ბაზაზე დაარსდა 1936 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილი ხელნაწერები, მრავალრიცხოვანი ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, ანტიკური ხანის ოქროს მონეტები და ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები, სვანეთის მთავართა – დადეშქელიანთა საგვარეულო ნივთები (სკივრები, ვერცხლით მოჭედილი უნაგირი და საოჯახო ნივთები), XIX ს-ის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტო-ექსპოზიცია, რომელიც ვიტორიო სელას შვილთაშვილმა მესტიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა. ვიტორიო სელამ 1889, 1890 და 1896 წლებში იმოგზაურა სვანეთში და ფირზე აღბეჭდა პეიზაჟები, დასახლებები და ადგილობრივ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრები.

ცნობილი ქართველი მთასვლელის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც მესტიაში მდებარეობს, რომელიც 1983 წელს დაარსდა.

მესტიაში მდებარეობს სეტის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც ზემო სვანეთის საერთო სალოცავია. ძველი ეკლესია დაინგრა და ხელახლა XVIII ს-ია აგებული. აქ XII-XIII სს-ის ხატები და ჯვრებია დაცული. XIII ს-ის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი მესტიის ფუსდის ეკლესიაში.

ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია ერთ-ნავიანი, ორსართულიანი ბაზილიკაა. სავარაუდოდ პირველი სართული, მაცხოვრის ეკლესია აგებულია XIII ს-ში, მეორე სართული – ფერიცვალების ეკლესია დაშენებულია XIII ს-ში. ეკლესიის ორივე სართული მოხატულია XII-XIII სს-ში.

ლანჩვალში შუა საუკუნეების წმ. მთავარანგელოზის, ლეხთაგში კი ღვთისმშობლის (XV ს-ის მხატვრობა), სახელობის ეკლესიები მდებარეობს.

ეკლესია მესტიაში უშგული კოშკები მესტია

ბეჩო ისტორიული თემია, რომელიც თერთმეტ სოფელს აერთიანებს: მაზერი, გული, ჭოხულდი, უშხვანარი, დოლი, ჭკიდანარი, ბაგვდანარი, ნაშდქოლი, ტვებიში, ქართოვანი, ებუდი. ბეჩოს თემი შედიოდა სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში. ბეჩოდან ჩრდილო კავკასიაში (3375 მ) უღელტეხილი გადადის, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთის ჩრდილო კავკასიასთან დასაკავშირებლად.

ეცერის თემი სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც დღესდღეობით ხუთ სოფელს აერთიანებს: უღვალი, ბარში, ფხოტრერი, ცალანარი და ქურაში.

იფარი
იფარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ნაკიფარი, ზეგანი, ჰადიში, წვირმი, იელი და აცი. სიდიდითა და ფასადის შემკულობით ნაკიფარის X ს-ის ეკლესია გამოირჩევა, რომელიც მეფის მხატვარ თევდორეს მიერ არის მოხატული.

კალას თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ვიჩნაზი, აგრაი, იფრარი, ხე, ხალდე, დაუბერი, ლალხორი. ყველაზე გამორჩეულია იფრარის მთავარანგელოზთა და წმ. კვირიკეს (ლაგურკას) ეკლესიები, რომლებიც მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ. თევდორე, დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო და XI ს-ის დასასრულს, XII ს-ის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. ლაგურკას ეკლესია ზემო სვანეთის უდიდესი სალოცავია. აქ, 27 ივლისს წმ. კვირიკეს დღესასწაული იმართება, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ესწრება. სოფელ ხეში XI-ის წმ. ბარბარეს ეკლესია მდებარეობს, რომელიც XIII ს-ია მოხატული. აქ, XIII ს-ის მაცხოვრის ხატი ინახება.

ლატალი ზემო სვანეთის ერთ-ერთი ძლიერი და მდიდარი თემი იყო საუკუნეების მანძილზე. ლატალის თემის ათი სოფლიდან ეკლესიების სიმრავლით გამოირჩევა მაცხვარიში, იენაში, იფხი, ლაჰილი და ლახუშტი.

ლენჯერის თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ნესგუნი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთხვერი, მუხელი, კაერი და სოლი.

მულახის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ღობრი, ზარდლაში, ჟამუში, მუშკერი, ლახირი და ჭოლაში.

მუჟალის თემი სამ სოფელს აერთიანებს: ცალდაში, ჩვაბიანი და ჟაბეში. ჟაბეშში X-XI სს-ის მაცხოვრის ეკლესია მდებარეობს, მუჟალში X ს-ის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც ვინმე ამროლასა და მიქაელს მოუხატავთ 978-1001 წწ-ს შორის. ჩვაბიანის წმ. მთავარანგელოზის ეკლესიაში XII ს-ის დაზიანებული მხატვრობაა შემორჩენილი. ცალდაშის მაცხოვრის ეკლესიაში XII ს-ის მხატვრობაა და აქვეა X-XI სს-ის ციხე-სახლი.

უშგული ისტორიული დასახლებაა, რომელიც ზემო სვანეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. უშგული ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ ადგილად ითვლება ევროპაში (2000-2200 მეტრი ზღვის დონიდან). უშგული ეგრეთ წოდებული “თავისუფალი სვანეთის” ნაწილი იყო. უშგულში მდებარეობს თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული, სვანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხე-სიმაგრის ნაშთები: საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობანი, მათ შორის, სავარაუდოდ შუა საუკუნეებში აგებული 37 კოშკი.

უშგული, ისე როგორც სვანეთის კოშკები და ეკლესიები, UNEშჩO-ს მიერ არის დაცული. უშგულში 7 ეკლესია მდებარეობს: ოთხი მაცხოვრის სახელზეა აგებული, სამი – ლამარიას, წმ. გიორგისა და წმ. ბარბარეს სახელობისაა. ლამარიას, ჩაჟაშისა და მურყმელის მაცხოვრის ეკლესიები მოხატულია. უშგულის დასახლების ყველაზე მაღალ ადგილას მდებარეობს ლამარიას (წმინდა მარიამის / ღვთისმშობლის) ეკლესია და თემის თავშეყრისათვის განკუთვნილი ნაგებობა.

ფარი
ფარის თემი თერთმეტ სოფელს აერთიანებს: ზაგარი, ზედა ლუჰა, კაცხი, ლამხერი, ლაყვირი, სვიფი, ფალედი, ქვედა ლუჰა, ღეშდერი, ყვანა, ხოზვრარი. ფარის თემი სვიფის, X ს-ის წმ. გიორგის ეკლესიით არის ცნობილი. ეკლესიის კედლის მხატვრობა XIV ს-ით თარიღდება. ეკლესიას ამშვენებს IX ს-ის, ხის მოჩუქურთმებული კარები. აქ ინახება, XII ს-ში სვანეთის სახელოსნოებში შესრულებული ჭედური ხატები და ჯვრები. აქვე, მთის წვერზე, XIV ს-ში მოხატული, წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია მდებარეობს.

ცხუმარი, ეცერთან და ბეჩოსთან ერთად სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. ცხუმარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: გაბალთი, სვიფი, ტვიბერი, ლეზგარი, მაგანდერი და ლაბსყალდი. ლაბსყალდის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიაში ინახებოდა ცხუმარის თემის განძეულობა. ჭედური ხელოვნების ნიმუშები თომანიანთა სახელოსნოებში XII-XIII სს-ია შესრულებული. სოფელ სვიფში წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია მდებარეობს, რომელიც ძველად ასევე განძთსაცავი ყოფილა.

ენგურჰესი

ენგურ ჰესისვანეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ენგურის ჰიდროელექტრო სადგურია, რომლის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და ათი წლის შემდეგ დასრულდა. ენგურჰესი უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. ჰესის ნეგებობეში შედის 272 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც დაბა ჯვართან ქმნის წყალსაცავს, გვირაბი, მიწისქვეშა ჰესი 5 ჰიდროაგრეგატით.

 

მადლობა ყურადღებისთვის. მოგეწონათ?

One thought on “სვანეთი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s