ერეკლე საღლიანი


ერეკლე საღლიანი

“როდესაც მწერალი შემგუებელია, იქ ყველაფერი დასრულებულია…”

07:06 / 30-10-2011

ერეკლე საღლიანის პოეზია სამშობლოს სიყვარულითაა გაჟღენთილი და თვითონაც საკუთარი პოეზიასავით სუფთა და დაუდეგარია. ამბობს, რომ სვანური მუზა ძალზე ჭირვეული ყოფილა, ხასიათისა არ იყოსო… ჩემი რესპონდენტი ისეთ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, რომელიც განებივრებული იყო ნოდარ ანდღულაძის, მურმან ლებანიძის (მას ლექსიც დაუწერია პატარა ერეკლესთვის) და სხვათა და სხვათა სტუმრობით. კითხვაზე: – საიდან მოდის პოეტი – ერეკლე საღლიანი-მეთქი? ასე მიპასუხა:

– XX საუკუნის ერთ-ერთმა ცნობილმა პოეტმა, ეგზიუპერის ცნობილ გამოთქმას – “ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ,” ასეთი ფრაზა დაუპირისპირა – “მე ჩემი გაურკვევლობიდან მოვდივარ”. გაურკვევლობაში მაინცდამაინც ქაოსი კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ სამყარო, რომელიც ჩვენს გრძნობებს მართავს – სულიერი სამყარო. ეს ურთულესი კითხვებია – როგორ მოვედით? და რატომ მოვედით? ჩემთვის ყველაზე დიდი სკოლა ჩემი ოჯახი იყო, სადაც ზაფხულობით მთელი საქართველოს ინტელიგენცია (ნოდარ ანდღულაძე, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, თამაზ გამყრელიძე, გაიოზ შარაშიძე – ცნობილი ფსიქიატრი) იყრიდა თავს. მათგან ბევრ რამეს ვიგებდი. როდესაც ნოდარ ანდღულაძე საუბრობდა, ეს უკვე გარკვეულ წარმოდგენას მიქმნიდა მუსიკაზე, მურმან ლებანიძე პოეზიაზე ლაპარაკობდა, ბატონი თამაზი – ენათმეცნიერების შესახებ და ყველანაირ ინფორმაციას “ვისრუტავდი” და ასეთ ატმოსფეროში ნელ-ნელა ვყალიბდებოდი, როგორც პიროვნება და როგორც პოეტი.

– თქვენი მშობლები ვინ იყვნენ?
– მამა (ვალერიან საღლიანი) პოეტი, რაიონული გაზეთის რედაქტორი გახლდათ. დედა (კვიციანის ქალი) – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. სხვათა შორის, დედულეთში, “უშბის” ძირას დავიბადე. ჯერ ცხუმარის 8-წლიან სკოლაში ვსწავლობდი. მესტიის სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ კი ისტორიის ფაკულტეტზე, ხელოვნების ისტორიის განხრით დავიწყე სწავლა (ეს ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი გახსნილი იყო და სულ ხუთნი ვიყავით). პოეზია ბავშვობიდან მიყვარდა. მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ჟურნალ “პიონერის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში გავიმარჯვე და პრემია გადმომცეს. იმ პერიოდში მოდაში უცენზურო შაირები იყო და ერთხელ მამასაც კი ვუთხარი შაირი, კაცი გაგიჟდა. იღრიალა და გამწარებულმა ბარი მესროლა, რომელიც ჩემ მაგივრად მამალს მოხვდა. მამალი დასაკლავი გაგვიხდა. საღამოს კი მითხრა: – უეცრად გავბრაზდი; ისე, რა კარგი რამეები გისწავლიაო… თბილისში რომ ჩამოვედი, “ნიანგის” რედაქტორის – ზაურ ბოლქვაძის წყალობით, კრიტიკოსი – ნოდარ ჩხეიძე და პოეტი – შოთა ჩანტლაძე გავიცანი. ბატონი ზაურის ოჯახში სუფრა იყო გაშლილი და იქიდან ჯუნა მიქატაძემ, ცნობილმა მოქანდაკემ, წამოგვიყვანა მანქანით და მაშინ მთხოვეს – აბა, ახლა გვითხარი შაირები, რაც იცი და მამაშენი რის გამოც გაგიბრაზდაო. იმისთანა რამეები ვთქვი, რომ ორივენი ხარხარებდნენ და 3 შაირი ჩაიწერეს კიდეც. I კურსზე რატომღაც წერა შევწყვიტე. სამწლიანი პაუზა მქონდა – მაშინ მეგონა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე და მიუტევებელი დანაშაული ჩავიდინე – ბავშვობის დროინდელი ყველა ჩემი ლექსი გავანადგურე.

– ასეთი ჭირვეულია სვანი პოეტის მუზა?
– (იცინის) კი, ძალიან ჭირვეულია. მერე მოვიდა სიყვარული და შემოქმედებითად “ავიწყვიტე” – სიყვარულმა იმდენი ლექსი დამაწერინა… მაგრამ დავშორდით და ასეთი ლექსი დავუწერე: “შენ ვერ შესძელ, დაგემჩნია ჩემთვის, სამუდამოდ წარუშლელი კვალი…” – მეტი რაღა კვალი უნდა დამემჩნია, ლექსი დაგაწერინეო, – მიპასუხა. ჩემი ბრალია, “ხეზე ასვლა” რომ გასწავლე, ასეთი პასუხიც იმიტომ მივიღე-მეთქი, – ვუთხარი.

– “ხეზე ასვლაში” რას გულისხმობდით?
– ფაქტობრივად, მე გავზარდე. ის ჩემზე უმცროსი იყო, ვმეგობრობდით. დღევანდელი გადასახედიდან გული არ მწყდება იმაზე, რაც მოხდა, რადგან ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია, როგორიც მჭირდება. ჩემ გვერდით დგომა მხოლოდ ჩემმა მეუღლემ – მარინა შერმადინმა შეძლო… ცოლი გვიან შევირთე, ერთი ვაჟი გვყავს, მეტი ვერ მოვასწარი, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. მეუღლე ფილოლოგია და ჩემი ახალი წიგნის კორექტორიც გახლავთ, რომელიც სულ მალე გამოვა.

– სიყვარულმა დამაწერინა ლექსებიო, – მითხარით. კიდევ რა გაწერინებთ ლექსს?
– ყველაფერი, რაც მტკივა და რაც მიხარია. რა თქმა უნდა, სამშობლო განსაკუთრებით უნდა სტკიოდეს ნებისმიერ ქართველს და მით უმეტეს, შემოქმედს. არ მიყვარს “ურაპატრიოტული” ლექსები, სადაც მხოლოდ მუშტის გულზე ბრახუნია… შოტლანდიელი პოეტის – რობერტ ბერნსის ცნობილი ლექსი “კბილის ტკივილი” მახსენდება. ხომ საშინელებაა კბილის ტკივილი. ალბათ იფიქრებთ, როგორ შეიძლება, კბილის ტკივილზე კაცმა პატრიოტული ლექსი დაწეროსო. არადა, პოეტი ჯერ კბილის ტკივილს აღწერს, რომ მას ფესვი ჯოჯოხეთში აქვს გადგმული და ა.შ. ბოლოს კი ამბობს: “ჰოი, სატანავ, კუპრისმიერო, ჯოჯოხეთის და ბნელის მიერო,/ გვედრებ, ტკივილი შოტლანდიის მტრებს/ სულო ძლიერო, შენ გადუხადე სამაგიერო კბილის ტკივილით”. ხომ არის მაგარი?! მკითხველი ერთ ხაზს რომ წაიკითხავს, ვერ უნდა მიხვდეს, რისი თქმა გინდა შემდეგ ტაეპში, რადგანაც ეს არის ლექსი და არა გაშიშვლებული ნატურალიზმი…

– ბევრი ფიქრობს, რომ თანამედროვე მწერლობამ ძალა დაკარგა. როგორია თქვენი აზრი ამის შესახებ?
– მწერლობამ ძალა კი არ დაკარგა, მწერლობის როლი დააკნინეს. ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში ანტიეროვნული მოძრაობა მიმდინარეობს, პირველი ძალა, რომელიც მას უპირისპირდება, მწერლობაა. ამიტომაც, ნამდვილი ლიტერატურა ჩაწიხლეს და ტელევიზიის “სარდაფებში გამოჩეკეს” უნიჭო ვაიპოეტები და მწერლები, მოხდა მწერლობის უზურპაცია. ამას მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებ, რადგან წინა ხელისუფლებას უფრო დიდი ცოდვა მიუძღვის ამაში, ვიდრე დღევანდელს. სამწუხაროდ, ასე გრძელდება უკვე რამდენი წელია. მცირერიცხოვან ერს, ერთ პერიოდში, ისეთი მსოფლიო დონის მწერლები რომ ჰყავს, როგორიცაა – ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჭეიშვილი, ჯემალ ქარჩხაძე და კიდევ ბევრი სხვა, შეიძლება თქვა, რომ მწერლობა დაკნინდა? მაგრამ მკითხველმა არ იცის, რომელი მწერალი უნდა წაიკითხოს. ყველა ხელისუფლებას ჰყავდა და ჰყავს კარის მწერლები და პოეტები. ეს ხდებოდა ყოველთვის. წაკითხული გაქვთ მიხო მოსულიშვილის – “უჟამო ჟამის რაინდი”? – გენიალური რომანია. არაჩვეულებრივი რომანი დაწერა ზეინაბ მეტრეველმაც – “საყდრის ჩიტები”. ვის აქვს წაკითხული? ბევრს არც გაუგონია მათ შესახებ არაფერი, რადგან ისინი არ ყვირიან. კრიტიკა კი დუმს.

– ასეთ დროს თანამედროვე მწერალი უნდა იყოს მებრძოლი თუ შემგუებელი?
– რა თქმა უნდა, მებრძოლი. გურამ დოჩანაშვილი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში წერს, რომ “ატლანტიდა დაღუპა ყველაფრისადმი შეგუების სინდრომმა”. როდესაც მწერალი შემგუებელია, იქ ყველაფერი დასრულებულია! მწერალი იდეალურ ყოფაშიც რომ იყოს, დავით აღმაშენებლის დონის სახელმწიფო მოღვაწეც რომ მართავდეს ქვეყანას, მაინც ოპოზიციონერი უნდა იყოს. იმიტომ, რომ ამით ის ხელისუფლებას ეხმარება. გონიერი ხელისუფლება კი ამას ხვდება. თუმცა მაინც კარის მწერლებს ამჯობინებენ, რომლებიც ხოტბას ასხამენ ხელისუფლებას.

– თუმცა ახლანდელი ხელისუფლება აღარც კარის მწერლებს უგდებს ყურს და აღარც – ოპოზიციონერ შემოქმედებს.
– როგორ არა, კარის მწერლებს უგდებს ყურს და ეს ეტყობა კიდეც მათ გადაწყვეტილებებს. მწერლები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ხელში იარაღად იქცნენ. რამდენი პრემიაც უნდა დაირიგონ, თუ საკუთარ ქვეყანაში არ გაღიარეს, ყველაფერი ამაოა… საპნის ბუშტივით გაქრება ყველა სიკეთე.

– მწერლების შესაბამისი რეალიზება არ ხდებაო, – მითხარით. ვინ უნდა იზრუნოს ამაზე?
– უკვე 3 წელია, სამების ტაძარში საღამოებს ვმართავთ, რომელსაც უამრავი ხალხი ესწრება. მობრძანდით და დაესწარით… იქ მხოლოდ და მხოლოდ იმ მწერლების წიგნების პრეზენტაცია ხდება, არც ერთ ხელისუფლებას რომ არ მიეყიდნენ და არც ერთ ლიტერატურულ კლანს რომ არ მიემხრნენ – თავიანთი მწერლობის მიღმა მათი სუფთა ბიოგრაფია რომ დგას. ეს ის არის, რასაც ჯერჯერობით ერთი ადამიანი ვახერხებ ეპისკოპოს სტეფანესა და ქალბატონი ნინო ჭინჭარაულის დახმარებით, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

– რომ არ დაბადებულიყავით სვანეთში, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა, როგორი იქნებოდა თქვენი პოეზია?
– რასაკვირველია, სხვანაირი იქნებოდა. ლობიო შეიძლება, მოხარშო ქვაბშიც და ქოთანშიც. ლობიო ლობიოა, გინდ ქვაბში მოხარშე და გინდ – ქოთანში, მაგრამ ქოთანში მოხარშული უფრო გემრიელია. ამით რისი თქმაც მინდა, ხვდებით ალბათ. გარემო პირობები გარკვეულწილად აყალიბებს შემოქმედს. მახსოვს, ირაკლი ფარჯიანის გამოფენა იყო და ერთ-ერთმა ქალბატონმა იკითხა: ირაკლი თბილისელი იყოო? თბილისელი ასეთი ალალი ვერ იქნებოდაო, – უპასუხა ერთ-ერთმა დამსწრემ… სიალალე არც თბილისელს აკლია, არც მესტიელს და არც სხვას, მაგრამ… სვანეთში ვცხოვრობდი ისეთ გარემოში, სადაც წარსული გარს მერტყა. იმ წარსულიდან გადავდგი მომავლისკენ ჩემი ყველა ნაბიჯი. თავიდან ძალიან გამიჭირდა აქაურობასთან შეგუება, მერე კი მივხვდი – რასაც სვანობა ჰქვია, ამის ბოლომდე გამოვლენა სწორედ თბილისში უნდა მომხდარიყო.

Erekle Saghliani

ერეკლე საღლიანი

წმინდა ნინო

ფარავნის წყალს ნისლის ჯარით
ფარავს წმინდა ქალწული.
მოდის, უძღვის წინ ხის ჯვარი,
ვაზის ცრემლით ასხმული.

გვერდზე გადგნენ თეთრი მთები.
სანთლად იწვის მაშვრალი.
მიწის ძახილს გრძნობენ თმები,
თმები – ქარში გამშრალი.

დრო, თვით სვავი, მყივარი და
ბრუნავს, როგორც ფანტელი.
თავზე ადგას მყინვარი და
სულიწმინდის ნათელი.

მივა მცხეთას, ავა წობენს,
უფლის მადლის ტარებით,
ჩვენს სიმშვიდეს სდარაჯობენ
სადაც ზეცის კარები.

ტალანებში სისხლი მსხვერპლის
დუღს, ვით თესლი მამონის.
არა ქმნათო თქვენში კერპი,
არც უფსკერო ბომონი.

ფარავნის წყალს ნისლის ჯარით
ფარავს წმინდა ქალწული.
მიდის, უძღვის წინ ხის ჯვარი,
ვაზის ცრემლით ასხმული.

 

 

***
წავარნას შემომაღოღდა,
მშიერი ლეკვი მგლისაო.
დავჯექ და ძუძუ ვაწუე,
დამშრალი ერთი წლისაო.
რძის ნაცვლად სისხლი დამდინდა,
სუნ–გემო სიმლაშისაო.
რაღაი ერთი დაჰგეშა,
სულ ჩემს კარძვრომში ზისაო.
ვეფხი ვარ, მაგრამ გული მაქვს,
თვალზე კურცხალი მდისაო,
ვითამ ჩემ ბოკვერ მიზრდია,
წაგვრილი სიკვდილისაო.
ძუძუებ რომ დამაღიჯნოს,
ვეღარ გავაგდებ სხვისაო.
ე, მაგის წერა ვყოფილვარ,
შამძრავი ცა-მიწისაო.
ეგ იცის დედაშვილობამ,
ძალამ მის ძუძუ რძისაო.
სულაც რომ შევეჭმევინო,
მადლს ვერ მოვისხამ მისაო,
მგელი მგელადვე დარჩების,
ლაშზე სულ სისხლი სდისაო.
მაგისა ვეფხად მოქცევნას
პირი არ უჩანს ღვთისაო.
მაგრამ რაი ვქნა მებრალვის,
ცოდვაც მკლავს ამაგისაო.
ცუდია? მაინც შვილია..
ბრალია რა მაგისაო. 
ერთია მარტო ის მამწონს,
ჯავრს ის არ შაიჭამს მტრისაო,
არცარა სხვისი ებრალვის,
არცარა თავისისაო.
წავარნის კარში მიყმუის,
მშიერი ლეკვი მგლისაო,
ნეტავი გამაგებინა,
სიკვდილ თუ დამაცლისაო.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s