რა შემზარავ ისტორიებს ინახავს გიკაშვილების სახლი და რა სასწაულის მომსწრენი გახდნენ ისინი

Imageცოტა ხნის წინ, გორის რაიონის სოფელ ტირძნისში 
მოსახლეობამ ერთ-ერთი სახლის ჭიშკარზე იესო ქრისტეს გამოსახულება შეამჩნია.
ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ სასწაულის სანახავად თვეების 
განმავლობაში უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც. ეს სახლი უბედურების მატარებელი აღმოჩნდა. ისტორიებისა და ფაქტების შესახებ თავად სახლის პატრონი, ქალბატონი ლალი გვესაუბრება.

– ჩვენს სახლს ძალიან მძიმე ისტორია აქვს. მანამ, სანამ ჩვენ ამ სახლს 
ვიყიდდით, ვინც კი აქ ცხოვრობდა, ყველამ უბედურება განიცადა. თუ რატომ ტრიალებდა საშინელება, არავინ ინტერესდებოდა, რადგან, მოგეხსენებათ, მაშინ ჩვენი რწმენა სხვანაირი იყო. როდესაც აქ გადმოვედით საცხოვრებლად, მეზობლები დაჟინებით მთხოვდნენ, რომ წავსულიყავით და სხვაგან დავსახლებულიყავით, მაგრამ, ამას ყურადღებას არ ვაქცევდი და ვამბობდი, ცუდი რა უნდა მომივიდეს-მეთქი. მყავდა მეუღლე, შვილები და ბედნიერად 
ვცხოვრობდი.

– მომიყევით თქვენი სახლის ისტორია.

– მაშინ, როდესაც ეს სახლი აშენდა, აქ უშვილო ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, რომლებმაც უფლისადმი შვილის ყოლის თხოვნით წმინდა ბარბარესა და გერის წმინდა გიორგის ტაძრიდან კაკლის ნერგები ჩამოიტანეს და ეზოში დარგეს. 
გადმოცემით, შემდეგ უკვე ეს ადგილი სალოცავად გადაიქცა – ხალხი მალულად მოდიოდა და სანთლებს ანთებდა. გავიდა წლები და მოხუც ცოლ-ქმარს ერთი შვილი – გოგონა შეეძინათ. შემდეგ ეს გოგონა ძალიან ცუდ გზას დასდგომია და, იმის გამო, რომ მას მშობლები წესიერი საქციელისკენ მოუწოდებდნენ, მათი მოწამვლა 
გადაწყვიტა. მას ერთი პატარა შვილი ჰყავდა. მშობლებისთვის განკუთვნილი საწამლავი, შემთხვევით, სკოლიდან დაბრუნებულმა მისმა შვილმა შეაყოლა საჭმელს და გარდაიცვალა. ამის გამო, ბავშვის დედამაც თავი მოიკლა და მოხუცი ცოლ-ქმარი მარტო დარჩა. მათ ყველაფერი გაყიდეს, თუკი რამ ებადათ და სასმელს მიეძალნენ. მათი გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი უპატრონოდ დარჩა. 
მერე გამოჩნდა ერთ-ერთი ნათესავი, რომელმაც ეს ბინა გაყიდა ცხინვალელებზე. ახლად დასახლებულებს ჰყოლიათ ორი ბიჭი და ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილა, მათთან ერთად დაღუპულა მამაც და ყველა მამაკაცი, ვინც კი ოჯახში იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ სახლი ისევ გაიყიდა და იმ ოჯახშიც იგივე განმეორდა – ყველა მამაკაცი დაიღუპა, მხოლოდ ორი ქალი დარჩა, რომლებიც ახლა მოსკოვში 
ცხოვრობენ.

– დაუჯერებელი ისტორიებია. ამ ყველაფრის შემდეგ, როგორღა გადაწყვიტეთ აქ დასახლება? თავიდან არ იცოდით ეს ამბები?

– მაშინ, როცა ჩემი მამამთილი ამ სახლს ყიდულობდა, მეზობლებმა უთხრეს, ეს კარგი ადგილი რომ ყოფილიყო, ჩვენ შევიძენდითო. მათ ურჩიეს, რომ აქ არ დავსახლებულიყავით. ჩემი მამამთილი ასეთი გადმოცემების მიმართ ძალიან უარყოფითად იყო განწყობილი და არც სჯეროდა. მეზობლები კი დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ ეს სახლი დაგვეტოვებინა. თავიდან მეც შევშინდი და ოჯახის წევრებს ვთხოვდი, სხვაგან გადავსულიყავით საცხოვრებლად, მაგრამ, მხარში 
არავინ დამიდგა, რადგან, არ სჯეროდათ და მეც, რა მექნა, გავჩუმდი.

– და, სამწუხაროდ, უბედურება თქვენს ოჯახზეც გადმოვიდა – დაგეღუპათ ახალგაზრდა მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები…

– დამეღუპა დედამთილი, მამამთილი, მეუღლე და ახალდაბადებული შვილი. 
უბედურება ამ სახლში ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ხდება. ეს სახლი, რომ ვიყიდეთ, ვინც ჩვენამდე აქ ცხოვრობდა, მისი დაღუპვის შვიდი წლისთავზე გარდაიცვალა ჩემი დედამთილი, შვიდი წლის შემდეგ – ჩემი მეუღლე, შემდეგ – მამამთილი. საინტერესოა ის, რომ, კაკლის ხეები, რომლებზეც ზემოთ გესაუბრეთ, ჩემმა მეუღლემ მოჭრა. ისტორია ჩვენი სახლის შესახებ კი ვიცოდით, მაგრამ, კაკლები თუ წმინდა ადგილიდან იყო ჩამოტანილი და ოდესღაც ამ ხეებთან ხალხი 
ლოცულობდა, ნამდვილად არ ვიცოდით. ჰოდა, ჩემმა მეუღლემ სული იმ მოჭრილ კაკალთან დალია. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. გლანდების ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ სასმელი დალია – ეს გახდა მიზეზი. როგორც ექიმებმა 
თქვეს, გული „მოხარშული“ ჰქონია.

– ცოტა ხნის წინ თქვენს ჭიშკარზე იესო ქრისტეს სახე გამოისახა. ვინ შენიშნა ეს?

– თავიდან ეს ჩემმა მეზობელმა შენიშნა. რაღაცა ბრწყინავდაო და, როდესაც დააკვირდა, უფლის სახე იყო. ამ დროს მე სამსახურში ვიყავი. რომ მოვედი, ჩემს სახლთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. თავიდან შემეშინდა კიდეც, ვიფიქრე, რამე ცუდი მოხდა-მეთქი. ამის შემდეგ მოვიდა მამაო, მან იესო ქრისტეს გამოსახულებასთან ერთად შენიშნა გადაშლილი წიგნი, რომელიც სახარებად აღიქვა. ამ ფაქტით ძალიან დაინტერესდა და მირჩია, გამეგო სახლის ისტორია. ყველაზე ხნიერ ადამიანთან მივედი და ყველა ის ინფორმაცია დავაზუსტე, რაც ზემოთ მოგიყევით. ამის შემდგომ მამაომ მითხრა, რომ, იმ უბედური შემთხვევებით, რაც ჩემს ოჯახსა და ამ სახლში მცხოვრებ სხვა 
ადამიანებს დაემართათ, არის უფლის მინიშნება, რომ აქ ადამიანების ცხოვრება არ შეიძლება. მამაომ სახლის ისტორიის ყველა დეტალი ჩამაწერინა და გორის მეუფეს წაუღო. მეუფე მიბარებს, ჩამოდიო, მაგრამ, ვერ მივედი. როგორც ვიცი, უნდათ, რომ ამ ადგილას სალოცავი გააკეთონ და მე სხვაგან დამასახლონ, 
რადგან, აუცილებელია, აქ უფლის სალოცავი იყოს.

– როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა ამ სასწაულის სანახავად.

– მართლაც უამრავი ხალხი მოდიოდა. მე დღისით სამსახურში ვიყავი და იმდენად ვერ ვხედავდი ხალხს, მაგრამ, საღამოსაც კი რიგები იდგა. იღებდნენ სურათებს და ასე შემდეგ.

– რატომ არ მიხვედით მეუფესთან? ის ხომ გითვლით, რომ თქვენი ნახვა უნდა?
თუ გგონიათ, რომ ჭიშკარზე უფლის გამოსახვით ის გაჩვენებთ, რომ თქვენთანაა?

– სხვათა შორის, მართლაც მგონია, რომ უფალი ჩემთანაა. შიშის გრძნობა საერთოდ არ მაქვს. მართლა არ ვიცი, რატომ ვერ მივდივარ მეუფემდე. რაღაცა ძალა მაჩერებს. ამას წინათ სამსახურში პრობლემები მქონდა და ძალიან მომინდატაძარში წასვლა. როდესაც მივედი, დავჯექი, მაგრამ, იმდენი ძალა ვერ მოვიკრიბე, რომ მეუფეს დავლაპარაკებოდი, რომელიც იქვე იყო. ავდექი და წამოვედი. არ ვიცი, ეს რატომ მემართება.

– ძალიან მიკვირს, რომ ამ ყველაფრის მერე შიში არ გაქვთ.

– მართლა არ მეშინია. არის ერთი პრობლემაც: მე არ მყავს მეუღლე და არც არავინ ისეთი, ვინც შეიძლება, გვერდში დამიდგეს. სასულიერო პირები კი მპირდებიან დახმარებას, მაგრამ ისინი მეუბნებიან, რომ უნდა ვიარო ტაძარში, ჩავაბარო აღსარება. აქამდე რომ ეკლესიურად არ მიცხოვრია, ახლა მიჭირს ტაძარში სიარული. ყველაფერთან ერთად, დროც არ მაქვს.

– ნათესავები რას გეუბნებიან?

– ვინც მოდის და ნახულობს უფლის გამოსახულებას, ყველა აღფრთოვანებული რჩება. რჩევით კი მეუბნებიან, რომ მე თვითონ უნდა გადავწყვიტო.

– დღეს როგორ ცხოვრობთ?

– ჩვეულებრივად ვცხოვრობთ, ისე, როგორც ტრადიციულ ქართულ ოჯახს შეეფერება. ჩემი უფროსი ბიჭი ტაძარში ხშირად დადის.

 

ეს პოსტი მომზადებულია: http//intermedia.ge/ 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s