სვანეთის მცენარეული საფარი

სვანეთი რთული და მრავალფეროვანი რელიეფით გამოირჩევა, მყინვარები, ღრმად დაღარული მთათა სისტემები, ზეგნები და პლატოები ეგზოტიკურ ლანდშაფტებს წარმოქმნის, რომლებიც დამშვენებულია მდიდარი მცენარეული საფარით.

კავკასიონის ქედი საიმედოდ იცავს საქართველოს ტერიტორიას ჩრდილოეთის ცივი კლიმატის ზეგავლენისაგან, ხოლო შავი ზღვის სიახლოვე ქმნის ტენიანობის ხელსაყრელ რეჟიმს მცენარეული საფარის ფორმირებისა და ფართოდ გავრცელებისათვის. ბუნებრივი მცენარეულის სიმდიდრით, საქართველოს ტერიტორია მსოფლიოს უნიკალური, გეობოტანიკური მრავალფეროვნებით გამორჩეულ ტერიტორიათა რიცხვს მიეკუთვნება.

სვანეთში მკაფიოდაა გამოხატული მცენარეთა გავრცელების ვერტიკალური ზონალურობა. აქ ალპური სარტყელი ვრცელდება 2450-2500 მ-დან 3100-3200 მ-მდე, ტყის ზოლის ზედა საზღვარი კი 2400-2500 მ აღწევს. წიწვოვანი მცენარეების კორომები 800-900 მ-დან გვხვდება. ტყიანი სარტყლის ქვედა ნაწილში გაბატონებულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი რელიქტური შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაში მთავარ სახეობებს (ედიფიკატორებს) წარმოადგენს ქართული მუხა, აღმოსავლური წიფელი, კავკასიური რცხილა, მრავლად გვხვდება კავკასიური ცაცხვი, იფანი, თელა, მთის ნეკერჩხალი, არყი, მურყანი და სხვა.

შერეული ტყეების ქვესარტყელში გვხვდება მონოდომინანტური (წიფლნარი, მუხნარი, რცხილნარი) და ბიდომინანტური (რცხილნარ-წიფლნარი, რცხილნარ-მუხნარი და სხვა) კორომები.

მაღალმთიან სარტყელში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები: ნაძვნარი (აღმოსავლეთის ნაძვი), სოჭნარი (კავკასიური სოჭი), ფიჭვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და შერეული ტყეებიც – წიფლნარ-ნაძვნარი, წიფლნარ-სოჭნარი, ნაძვნარ-წიფლნარ-სოჭნარი და ა.შ.

ქვეტყეებში ფართოდაა გავრცელებული შინდი, ძახველი, ცირცელი, ჭყორი, თხილი, ანწლი, მოცხარი, წყავი, ასკილი, თელადუმა, მაყვალი, მოცვი, კუნელი, პანტა, მაჟალო ვაშლი, ტყემალი, რომელთა უმრავლესობა ხალხურ მედიცინაში ძველთაგანვე გამოიყენება.

ანტიკური კოლხეთი მდიდარი იყო მცენარეული საფარით, ამას დღემდე შემორჩენილი რელიქტური ბიოგარემოც ადასტურებს.

მითიური მედეას ბაღში მრავლი მცენარე ყვაოდა, რომელთა ექსტრაქტებიდან მედეა სხვადასხვა დანიშნულების სამკურნალო საშუალებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ჯადო – საწამლავებსაც ამზადებდა. მედეამ გახადა თავისი ჯადო-წამლებით იასონი უძლეველი, დააძინა გველეშაპი და ხელი შეუწყო არგონავტებს უმტკივნეულოდ წაეღოთ კოლხეთიდან ოქროს საწმისი. მედეამ გადააქცია ბებერი ცხვარი ბატკნად, მოწამლა კრეონტი და მისი ქალიშვილი კრეუზა და სხვა მრავალი, რაც მიუთითებს მედეას წამლების მაგიურობაზე.

მედეას სახელს უკავშირებენ მკვლევარები მედიცინის წარმოშობას, მას ფარმაკოლოგიისა და კოსმეტიკის დედამთავრად თვლიან. ჯერ კიდევ ცნობილმა გერმანელმა ბოტანიკოსმა და ექიმმა კურტ იოახიმ შპრენგელმა (1766-1833) თავის “მედიცინის პრაგმატულ ისტორიაში” სპეციალურად შეისწავლა ეს საკითხი და მედეას ბაღის 36 სამკურნალო მცენარე დაასახელა, რომელთაც მედეა წამლების დასამზადებლად იყენებდა. ამჟამად საქართველოში სამასამდე სამკურნალო მცენარეა მეცნიერების მიერ გამოვლენილი და შესწავლილი.

ძველ კოლხეთში სამკურნალო მცენარეების ხალხურ მედიცინაში გამოყენების ტრადიციები დღესაც გრძელდება – ფართოდ გამოიყენება, ოფიციალური მედიცინის მიერ აღიარებული მიქსტურები (პაჭკორია, დოლიძე, ბურდელაძე), მალამოები (კოლხური, თურმანიძე, ქარჩაული, გოჩიტაშვილი), ტრავმატოლოგიური საშუალებები (ასკურვა, ხაბაზი, ლოლაძე და სხვა).

სვანეთის სასწაულებრივად მდიდარი ბიომრავალფეროვნება, სამკურნალო მცენარეების სიუხვე და მაღალი ეკოლოგიური სისუფთავე, მინერალური წყლების სიმრავლე, სვანური ხალხური მედიცინის საფუძველია.

ტყეების ნაწილი რელიქტური ქვეტყითაა (წყავი, ჭყორი) წარმოდგენილი.

სუბალპურ სარტყელში (1800-1900 მ-დან 2450-2500 მ-მდე) მცენარეული საფარის შემადგენლობის მრავალფეროვნება კულმინაციას აღწევს. აქ ჩამოყალიბებულია ტყე-ბუჩქნარ-მდელოს მრავალფეროვანი მცენარეული კომპლექსები.

მეჩხერ ტყიან ზოლში ჭარბობს სუბალპური ჯუჯა და ტანბრეცილი მცენარეულობა: ნეკერჩხალი, ლიტვინოვის არყი, მაღალმთის მუხა, კავკასიური სოჭი და სხვა.

სუბალპური მცენარეულობის კოლორიტული წარმომადგენელია რელიქტური მარადმწვანე დეკას მიერ შექმნილი ბუჩქნარი, რომელიც ჩრდილო და დასავლეთი ექსპოზიციის ფერდობების დიდ ფართობებზეა გავრცელებული. გვხვდება გართხმული ღვია, ქონდარა ღვია, კავკასიური მოცვი, ლურჯი მოცვი.

სუბალპური ფიტოლანდშაფტის ფრიად მნიშვნელოვანი შემადგენელია ბალახეული საფარი. მათ შემადგენლობაშია დიყი, დიდი გვირილა – სამტიტა, ლაშქარა, მზიურა, კენკეშა, ხარისშუბლა, კატაბალახა, ნემსიწვერა, ქათმისკუჭა, მაჩიტა, ქარცხვი და სხვა.

სვანეთი მდიდარია სამკურნალო მცენარეებით.

სვანეთში გავრცელებული ზოგიერთი სამკურნალო მცენარე

ქართულად სვანურად ლათინურად
ასკილი მუქვაარი Rosa canina L.
დიდგულა თოფრა Sambucus nigra L.
ვირისტერფა მჭშდვარილ Tussilago farfara L
კოწახური გოწხირ Berberis vulgaris L.
კუნელი ცაანცი Crataegus sanguinea pale
მარწყვი ბასყ Fragaria vesca L.
მთის პიტნა მინთრრ Calamintha Grendiflora (L.) Moench
მჟაველა მუხიმ პირპლიდ Oxalis acetosell L.
მრავალძარღვა მუძაარღოლ Plantago major L.
მოცვი მეგმულ Vaccinium myrtillus L.
ონტოკოფა ჟენტი Physalis alkekengi L.
ჟოლო ინღა Rubus idaeus L.
უცუნა ლამაზი შაშვლი Colchicum speciosum Stev
ფარსმანდუკი მუღმურილ Achillea millefolium L.
ფითრი ჭაგვ Viscum album L
ქრისტესისხლა მელილდ Chelidonium majus L.
შვიტა მინდვრის ბეზულდ Equisetum arvense L.
შხარმა სამტრაკ Veratrum lobelianum Bernh.
ძახველი სანწვეფ Viburnum opulus L.
ძმერხლი ზმეხ Ruscus hypophyllum L.
ხეჭრელი დაშდვა ცინყა Frangula allus Mill. Rhamus frangula L.
ჯინჭარი, ჭინჭარი მერხელ

Urtica dioica L.


მუქწიწვიანი ტყის მასივი უშბა-მაზერის ფერდობებზე. წინა პლანზე ფოთლოვანი ტყე 


შერეული ტყე კალას მიდამოებში 


ნაძვნარ-ფიჭვნარი (მარჯვნივ) და
შერეული ტყე (მარცხნივ)
თეთნულდის ფონზე 


შერეული ტყის მასივები 


იელის ბუჩქნარი (წინა პლანზე) და ტყიანი მასივები კარიელის ხეობის დამრეც ფერდობებზე 


წიწვიანი ტყე უღვირის გადასასვლელზე
(ვ.ნავერიანის ფოტო) 


სუბალპური არყი 


ალპური მდელო 


ალპური მდელოს ბალახეულობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s