მიწიური კერპების შემოღებიდან გაქრისტიანებამდე გასული დრო

“ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ქართლში მიწიური კერპების შემოღება უკავშირდება აზონს – “… ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთმსახურებად, და შექმნა ორნი კერპნი ვერცხლისანი: გაცი და გაიმ…” [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 20]. მაშასადამე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აზონს კერპები ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან ვიდრე ფარნავაზის გამეფებამდე აღუმართავს, რასაც – ძვ.წ. 323 – 309/308 წლები შეესაბამება.

ქართულ ისტორიოგრაფიაში მომდევნო კერპის – არმაზის აღმართვა ფარნავაზ მეფეს მიეწერება. “ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ – „… ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა…“  [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 25].

ფარნავაზის შესახებ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ქართლის ცხოვრება” სამ დროით მინიშნებას იძლევა: 1) ფარნავაზი სამი წლისა ყოფილა, როცა ალექსანდრეს ქართლის სამეფო დაუპყრია; 2) ფარნავაზი ტახტზე ასულა 27 წლისა და 3) უმეფია 65 წელი. ამ, და სხვა მინიშნებათა გათვალისწინებით ვასკვნით, რომ: 
– ფარნავაზი: დაბადებულა ძვ.წ. 336-335 წლებს შორის;  – ტახტზე ასულა ძვ.წ. 309-308 წელს და უმეფია ძვ.წ. 244/243 წლამდე. შესაბამისად, ქართლში კერპ არმაზის აღმართვაც: ძვ.წ. 309/308 – 244/243 წლებს შორის უნდა მომხდარიყო.

 

მომდევნო კერპების აინინას და დანინას შექმნას “ქართლის ცხოვრება” მეფე საურმაგს მიაწერეს – “… დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ… და მან შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა…” [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 27]; თუმცა, “მოქცევაჲ ქართლისაჲში” – “…კერპ – “აინინას” აღმართვა მეფე – საურმაგს მიეწერება; კერპი – “დანინა” – მეფე მირვანს…” [ი. აბულაძე 1963: 82].

როგორც ისტორიოგრაფიიდანაა ცნობილი – “საურმაგი ქართლის (იბერის) მეფე(ა) ძვ.წ. III ს-ში… მირვანი ქართლის (იბერიის) მეფე(ა) ძვ.წ. II ს-ში…” [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი 2000: 16]. შესაბამისად, ქართლში კერპების – აინინას და დაინინას აღმართვა ძვ. წ. III-II ს-თა მიჯნაზე მომხდარა.

ქართული წყაროების მიხედვით, ზადენის კერპი ქართლის მეოთხე მეფეს – ფარნაჯომს აღუმართავს – “… ამან ფარნაჯომ მეფემან… შექმნა კერპი სახელით ზადენ…” [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 29].  თავის მხრივ, ფარნაჯომი – “ქართლის (იბერიის) მეფე(ა) ძვ.წ. II ს-ის I ნახ-ში” [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი 2000: 17]; და შესაბამისად, ზადენის კერპის აღმართვაც – ძვ.წ. II ს-ის I ნახევარში მომხდარა.

ბოლო კერპი, რომელზედაც “ქართლის ცხოვრება” იუწყება, არის – აფროდიტოსი, რომლის აღმართვას, ლეონტი მროველი მიაწერს მე-19 მეფე რევს – “… ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისა, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა…” [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 58]. ისტორიოგრაფიაში კი ცნობილია, რომ რევი – “ქართლის (იბერიის) მეფე(ა) ახ. წ. III ს-ის II ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით რევი მფარველობდა ქრისტიანობას. მან აკრძალა ზოგიერთი წარმართული ჩვეულება, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვას გულისხმობდა. ამის გამო მას – „რევ მართალი“ უწოდეს…” [მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი 2000: 29]. შესაბამისად, კერპ აფროდიტეს აღმართვა ახ. წ. III ს-ის II-ნახევარში მომხდარა.
ქართლში შვიდი კერპის არსებობის თაობაზე, მირიანის მეფობის აღწერაშიც გვეუწყება. ლეონტი მროველი აღნიშნავს, რომ – “… აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შჳდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა…” [ს. ყაუხჩიშვილი 1955: 65].

მაშასადამე, ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე 7 კერპის – გაცი, გაიმი, არმაზი, აინინა, დანანა, ზადენისა და აფროდიტოსის მსახურება ყოფილა გავრცელებული; აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ – მიწიური კერპების შემოღებიდან, ანუ –  ძვ.წ. 323-309/308 წლებიდან მოყოლებული, ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება  – 7 საუკუნის თავზე, ანუ ახ.წ. IV ს-ის 20-იან წლებში მოხდა.

ცნობისთვის, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ-ისტორიკოსთა სასწავლო-შემოქმედებითი გაზეთი “ჟამთააღმწერი” და ახალი ამბების სააგენტო “ჯეონიუსი” გთავაზობთ ისტორიას საქართველოს გაქრისტიანებისა და საქართველოში წარმართული სარწმუნოების ისტორიის ზოგიერთ საკითხს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s