სპილოები


სპილოებს დიდი ადგილი უჭირავთ პოპულარულ კულტურაში, მათ უკავშირდებათ გარკვეული სახის რელიგიური წარმოდგენები და ხშირად სიბრძნისა და ალტრუიზმის სიმბოლოდ მოიაზრებიან. მიუხედავად ამისა, თუკი ადამიანი ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც სპილოს ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ ზოოპარკში, ცირკსა და მსგავს ადგილებში ეძლევა, ნაკლებადაა ამ ცხოველზე ინფორმირებული.


სპილოს ტიპები. სპილოსებრნი (Elephantidae) ძუძუმწოვრების ერთ-ერთი ოჯახია, რომელშიც რამდენიმე სახეობა შედის. 2010 წლამდე სპილოები 2 სახეობად (აზიური და აფრიკული) იყვნენ დაყოფილი, მაგრამ გენეტიკურმა ანალიზმა 3 სახეობა გამოავლინა: აზიური სპილო (Elephas maximus), აფრიკული სავანის სპილო (Loxodonta africana) და აფრიკული ტყის სპილო (Loxodonta cyclotis). მათგან ყველაზე პატარა აზიური სპილოა, რომელიც შესაბამისად გამოირჩევა სხვებზე პატარა ყურებითა და ეშვებით. აზიურ სპილოს შუბლზე ნახევარსფეროს ფორმის ორი ამოზნექილობა აქვს, თავი კი უფრო მაღლა უჭირავს, ვიდრე დანარჩენ ორ სახეობას. ხორთუმის ბოლოს აქვს თითის მსგავსი გამონაზარდი, რომლის მეშვეობითაც მარტივ მოძრაობებს ასრულებს (მაგალითად, პატარა ზომის ობიექტის აღება). ორივე აფრიკულ სპილოს უფრო დიდი ყურები აქვს (ტყის სპილოს კი უფრო მომრგვალოც), მსხვილი ეშვები, მომრგვალო შუბლი, ხორთუმის ბოლოს კი თითის მსგავსი 2 გამონაზარდი. ტყის სპილოს უფრო სწორი, ქვევით მიმართული ეშვები აქვს, სავანის სპილოს კი – მოღუნული. სპილოების უმეტესობა აქტიურია საღამოს და შებინდებისას, თუმცა ეს უმეტესად მაინც ადგილობრივ კლიმატზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, სპილოს სამივე სახეობა ამ მომენტში საფრთხეშია.

სექსი. ჰომოსექსუალი სპილოები მთელი წლის განმავლობაში წყვილდებიან, მდედრი სპილო კი მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაშია ასეთი პროცედურისთვის მზად. მამრის მხრიდან მდედრის კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობა გამოიხატება ტრადიციული რიტუალების შესრულებით, რაც გარკვეულ ჟესტებსა და ყნოსვას მოიცავს. თუკი მდედრი თანახმაა, ანალოგიურად იქცევა და დაახლოებით 20 წუთში სექსუალური აქტი იწყება. ნაყოფის ჩასახვის შემთხვევაში იწყება ორსულობის პერიოდი, რაც 22 თვე გრძელდება. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ხმელეთის ცხოველებში. ახალშობილი სპილო 100 კგ-ზე მეტს იწონის.

სპილოები ოთხფეხა ცხოველები არიან, ამიტომ ადამიანებისგან განსხვავებით, მათ პროპორციულად უფრო განიერი მენჯები აქვთ. ეს კი ნაყოფისა და დედის სიკვდილიანობას საგრძნობლად ამცირებს ჩვენთან შედარებით. საწყის ეტაპზე პატარა სპილოები ბრმები არიან და კომფორტის მიზნით ხორთუმს წოვენ, ისევე როგორც ადამიანები – ცერა თითს. პატარები გადარჩენის ინსტინქტების ნაკლებობით გამოირჩევიან, დიდ ინფორმაციას ისინი მშობლისა და ჯოგის გამოცდილი წევრებისგან იღებენ. დედა თავის შვილს რამდენიმე ძიძას უნიშნავს, რათა ზოგჯერ კარგად გამოიკვებოს, რომ შემდეგ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის რძე გამოიმუშავოს.

სოციალური ცხოვრება. მდედრი სპილოები ერთიანდებიან ჯოგში, სადაც საშუალოდ 10 წევრია და იმართება ყველაზე გამოცდილი მატრიარქის მიერ, მამრები კი ძირითადად მარტოხელა ცხოვრებას ეწევიან. ჯოგში მყოფი მდედრები ეხმარებიან ერთმანეთს საკვების მოპოვებასა და პატარების გაზრდაში. ძილისთვის მათ არ სჭირდებათ დაწოლა, რაც სწორი და ძლიერი ფეხების წყალობაა.

სპილოებს ერთმანეთთან კომუნიკაცია შეუძლიათ მაშინაც, როცა რამდენიმე კმ აშორებთ ერთმანეთისგან. ეს ხდება ფეხების ბაკუნითა და დაბალი სიხშირის ბგერებით, რომელთა აღქმაც ადამიანს არ ძალუძს. მიიჩნევა, რომ ჯოგში მყოფი სპილოების ერთიანობა შიმპანზეების დონეს უახლოვდება ან მათი თანასწორია. სპილოების გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო ურთიერთობაა ცხოველთა სამყაროში. მდედრი მხოლოდ მაშინ ტოვებს ჯოგს, როცა კვდება ან ადამიანების ხელში ვარდება. მამრები კი ჯოგს ზრდასრულ პერიოდში ტოვებენ, როცა დამოუკიდებლად, დედის გარეშე შეუძლიათ თავის რჩენა, რაც საშუალოდ 12 წლის ასაკში ხდება.

სიკვდილი. არ არსებობს დაზუსტებული ცნობები იმის შესახებ, რომ სპილოებს სასაფლაოს მსგავსი ადგილები აქვთ, თუმცა სიკვდილი მაინც მნიშვნელოვანი მომენტია მათთვის. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 60-80 წელიწადი. ცნობილია მხოლოდ 3 ცხოველი – სპილო, ადამიანი და ნეანდერტალელი – რომელთა ცხოვრებაშიც სიკვდილის რიტუალებია დაფიქსირებული. თუკი სპილო ავად ხდება, ჯოგის წევრებს გარკვეული დროით მისთვის საკვები და წყალი მიაქვთ. ხოლო როცა დადგინდება, რომ ის უკვე ცოცხალი აღარაა, ჯოგში სიჩუმე ისადგურებს. ხანდახან ისინი ერთგვარ საფლავსაც კი თხრიან და გვამს მიწითა და ტოტებით ფარავენ, შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში ყარაულობენ. თუკი რომელიმე სპილოს მკვდართან წარსულში ახლო ურთიერთობა ჰქონდა, დეპრესიის ნიშნებს ავლენს. ისეთი ჯოგებიც კი, რომელთაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ მკვდარ სპილოსთან, პატივისცემას იჩენენ მის საფლავთან ჩავლისას. უფრო მეტიც, არსებობს ცნობები, რომ სპილოებს უპოვიათ გარდაცვლილი ადამიანები და იმავე წესით დაუმარხავთ.

გადაშენებული სპილოები. სპილოების ტაქსონომიურ რიგში (proboscidea – ხორთუმიანები) დღესდღეობით მხოლოდ 3 წევრია, მაგრამ ერთ დროს ეს რიცხვი 40-ს აჭარბებდა. მათი უმეტესობისთვის ყველაზე ნაყოფიერი ეპოქა იყო ბოლო გამყინვარების პერიოდამდე, 12 500 წლის წინ. ეს არსებები ზომით თანამედროვე აზიურ სპილოებს ჰგავდნენ, თუმცა ასევე იყვნენ ჯუჯა სპილოები და უზარმაზარი დეინოტერიუმი, რომელიც სიმაღლეში 4.5 (ზოგჯერ 5) მეტრს, ხოლო წონაში 10 (ზოგჯერ 14-ზე მეტ) ტონას აღწევდა. შედარებისთვის, ყველაზე დიდი აფრიკული სავანის სპილო, რაც კი აღუწერიათ (1955 წელს ანგოლაში), სიმაღლეში 4.2 მეტრი იყო, ხოლო წონით – 12.2 ტონა.

ხორთუმიანების რიგში შედის მასტოდონტების ოჯახი, რომელიც მოიცავს თანამედროვე სპილოებსა და საყოველთაოდ ცნობილ მამონტებს. მამონტებს გრძელი მოღუნული ეშვები ჰქონდათ, იყვნენ უფრო თმიანები, ვიდრე თანამედროვე აზიური სპილოები. ბოლო გადაშენებულ მამონტს ბეწვიანი მამონტი (Mammuthus primigenius) ეწოდება. მისი რიცხოვნობის შემცირება გამოიწვია კლიმატის დათბობამ და ადამიანების მხრიდან მათზე ნადირობამ, რის შედეგადაც 12 000 წლის წინ ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე ისინი სრულად გაქრნენ. თუმცა მამონტების მცირე ნაწილი გადარჩა, ადამიანებისგან იზოლირებულად დასახლდა და ქრისტეს შობამდე 1700 წლამდე გასტანეს.

ჯამბო. ისტორიის მანძილზე ბევრი სპილო გახდა პოპულარული. მათგან ერთ-ერთია ჯამბო, რომლის სახელიც ხშირად გამოიყენება „უზარმაზარის” მნიშვნელობით. მისი სახელის წარმოშობაზე ორი ვერსიაა: სვაჰილური სიტყვა „ჯამბო”, რაც მისალმებას ნიშნავს, ან „ჯამბე”, რაც წინამძღოლს გამოხატავს. ჯამბო აფრიკული სავანის სპილო იყო, რომელიც 1861 წელს დაიბადა საფრანგეთის კოლონია სუდანში და მალევე პარიზის, ხოლო 1865 წელს ლონდონის ზოოპარკში გადაიყვანეს. აქ ის ბავშვებს ასეირნებდა და მისით მრავალი ადამიანი იყო აღტაცებული. ჯამბოს დარაჯი მას ხანდახან რამდენიმე ლიტრ ვისკის უსხამდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ცხოველის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყო.

საბოლოოდ ჯამბო აშშ-ს მიჰყიდეს და ამ პერიოდში ის იმდენად პოპულარული იყო, რომ ასი ათასმა ბავშვმა მისწერა წერილი დედოფალს თხოვნით, დაეტოვებინათ სპილო ბრიტანეთში. ჯამბო აშშ-ში კიდევ უფრო ცნობილი გახდა და მუდმივად უამრავი მნახველი ჰყავდა, სანამ 24 წლის ასაკში სიცოცხლეს არ გამოეთხოვა. წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობა მუდმივად უარესდებოდა, ერთხელაც მას სრული სიჩქარით მომავალი მატარებელი დაეჯახა და გამოკეთება ვეღარ მოახერხა. სიკვდილის მომენტში ჯამბო სიმაღლეში 4 მეტრს აღწევდა.

ტოპსი. არამარტო სპილო ტოპსი, არამედ ბევრი ცხოველი, რომელიც ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მეცნიერ ტომას ედისონის საკბილო აღმოჩნდა. ესენი იყვნენ ცხენები, ლომები, ვეფხვები და დათვები. თუკი ისინი ადამიანს რამეს დაუშავებდნენ ან მოკლავდნენ, ნიუ-იორკის შტატში ედისონის მეთოდით სიკვდილით დასჯა ელოდათ. ამისთვის ის იყენებდა ცვლად დენს. თუმცა მეცნიერის რეალური ზრახვები სხვა რამეში მდგომარეობდა. ედისონს დიდი ხნის მტრობა ჰქონდა ნიჭიერ მეცნიერ ნიკოლა ტესლასთან, რომლის შექმნილმა ცვლადმა დენმა ჩაანაცვლა ედისონის არაეფექტური მუდმივი დენი. ედისონი სწორედ იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ ცვლადი დენი მოსახმარებლად საშიშია, რადგან მუდმივ დენს არ ჰქონდა იმხელა სიმძლავრე, რომ სპილო მოეკლა.

1903 წლის 4 იანვარს ლუნას პარკის ზოოპარკში, კონის კუნძულზე, სპილოს სახელად ტოპსის 6600 ვოლტი ძაბვის დენი მიუერთეს, მანამდე კი ციანიდით გაჟღენთილი სტაფილოები აჭამეს. ეს საქციელი იმით ახსნეს, რომ ტოპსი საშიში იყო – მას სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან ერთი იყო მისი მწვრთნელი, რომელიც ხშირად ამათრახებდა და რამდენჯერმე ანთებული სიგარეტი აჭამა, რომ ცხოველის ტანჯვისთვის ეცქირა. ამის გამო ტოპსიმ ის გათელა.

 

სპილოს დასჯას 1500 ადამიანი ადევნებდა თვალს და პრეტენზიაც კი არავინ გამოთქვა. ედისონმა პროცესი ვიდეოზე აღბეჭდა და ამჟამად ინტერნეტითაცაა ხელმისაწვდომი. უცნაურია, მაგრამ ორგანიზაცია „ASPCA”-მ (ცხოველთა სისასტიკისგან დაცვის ამერიკული საზოგადოება) ჩათვალა, რომ სპილოს ჩამოხრჩობა სისასტიკე იქნებოდა, ხოლო ციანიდიან სტაფილოებზე და ელექტროენერგიით სიკვდილით დასჯაზე არაფერი უთქვამს.

1944 წელს ლუნას პარკს ცეცხლი მოედო და განადგურდა, რასაც „ტოპსის შურისძიება” უწოდეს.

ეს შემთხვევა „მოწმის ეფექტის” ცნობილ მაგალითადაა მიჩნეული.

კბილები და ეშვები. ადამიანები უკბილოდ იბადებიან, რამდენიმე თვეში სარძევე კბილები ამოსდით, რომლებსაც შემდეგ კარგავენ სამუდამო კბილების ამოსვლისას. მსგავსადვე არიან სპილოებიც. ისინი ეშვების გარეშე იბადებიან და მალე ამოსდით სარძევე ეშვები, რომლებიც შემდეგ სძვრებათ და მათ ანაცვლებს მუდმივი ეშვი. აზიურ სპილოებში მდედრები, როგორც წესი, ეშვების გარეშე არიან. სპილოები ეშვებს იყენებენ სათხრელად და მძიმე საგნების ასაწევად, ზოგჯერ კი შეწყვილების რიტუალებისთვისაც. სპილოს ძვალი ითვლებოდა და ითვლება ფუფუნებად, ამიტომ ამ ცხოველებზე ხშირად ნადირობდნენ. ამჟამად ეს ქმედება უკანონოდაა გამოცხადებული. სპილოებზე არალეგალურმა ნადირობამ მათი ეშვების ზომის შემცირება გამოიწვია – ადამიანები დიდი ეშვის მქონეებზე ნადირობდნენ და პატარა ეშვიან სპილოებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ, შესაბამისად, ისინი უფრო მეტად მრავლდებოდნენ და უფრო ნაყოფიერ შთამომავლობას ტოვებდნენ.

სპილოებს, როგორც წესი, დღე-ღამეში 2-3 საათი სძინავთ. ისინი დიდ დროს ანდომებენ ჭამას, რადგან უზარმაზარ ორგანიზმს დიდი რაოდენობით საკვები სჭირდება. დღის განმავლობაში სპილომ შეიძლება, 150 კგ მცენარეული დააგემოვნოს. ბალახისმჭამელური დიეტის გამო სპილოს მალე უცვდება კბილები, ამიტომ 6-7 რიგი აქვს განსხვავებით ადამიანისგან (2 რიგი). კბილების ახალი რიგი პირის უკანა მხარეს იწყებს ამოსვლას და თანდათან მიიწევს წინ, რომ ძველი ჩაანაცვლოს. ბოლო წყებაც რომ გაიცვითება, მარტოხელა სპილოები როგორც წესი, შიმშილით კვდებიან, ჯოგში მყოფნი კი ერთმანეთს ეხმარებიან თავის გატანაში.

ხორთუმი. სპილოს ხორთუმი, რომელიც ცხვირისა და ზედა ტუჩის გაერთიანებას წარმოადგენს, იგივე მნიშვნელობისაა, როგორიც რვაფეხას საცეცი. მათი მეშვეობით მრავალ საჭირო მოქმედებას ასრულებენ, რიგ შემთხვევებში ხელსაწყოებსაც იყენებენ. ზოგიერთ სპილოს ხორთუმით ხატვაც კი ასწავლეს და გასაოცარი ნიმუშები შეიქმნა. ტყვეობაში გაზრდილი სპილოები მარტივად სწავლობენ საკეტის გახსნას, ბევრი მათგანი კი ისეთ რთულ კლიტესაც ხსნის, რაც სხვა ცხოველების უმეტესობისთვის შეუძლებელია მოუხერხებლობისა და აზროვნების სიმწირის გამო. ყოფილა შემთხვევები, როცა სპილოების ჯგუფს ეს თვითონ უსწავლიათ – რამდენიმე მათგანი სათვალთვალო პუნქტზე იყო დარაჯის როლში, სხვები კი კლიტეს ხსნიდნენ, ან კიდევ ერთ სპილოს თავი ავადმყოფად მოუჩვენებია და ადამიანთა ყურადღება მიუპყრია, სხვებმა კი მომენტით ისარგებლეს და გაიქცნენ.

ტერფები. სპილოს თითოეულ ტერფზე 5 თითი აქვს, მაგრამ ყველა მათგანს არ გააჩნია ფრჩხილი. სახეობების განმასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ფრჩხილებია: აზიურსა და აფრიკულ ტყის სპილოს წინა ფეხებზე 5 ფრჩხილი აქვთ, უკანაზე კი – 4. ხოლო აფრიკულ სავანის სპილოს წინა ფეზე 4 ან 5, უკანაზე კი 3 ფრჩხილი აქვს. რენტგენული კვლევა აჩვენებს, რომ სპილოები რეალურად ფეხის წვერებზე დგანან, თუმცა ტერფი ბრტყელია, რაც იმის გამოა, რომ ქუსლის ქვემოთ მასიური ხრტილია, რაც სპილოს ჩუმად სიარულში ემხარება. ფეხები სხვა ცხოველებისაზე უფრო სწორია და ამის მეშვეობით სპილოს შეუძლია, ფეზე დამდგარმა იძინოს. ცხოვრების დიდ ნაწილს სპილოები მოგზაურობასა და დიდ მანძილზე გადაადგილებაში ატარებენ, ტერფებიც შესაბამისადაა მოწყობილი, რომ მათი ცხოვრების სტილს მიესადაგოს. ზოოპარკში მყოფ ცხოველებს აქტიური მოძრაობის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ხშირად უჩნდებათ ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები. მათ ხშირად უკერავენ სპეციალურ ფეხსაცმელებს, რათა რბილი ტერფები არ დაუზიანდეთ.

ინტელექტი. სპილოები ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ძუძუმწოვრები არიან დედამიწაზე. მათი ტვინის წონა აჭარბებს 5 კგ-ს, უფრო მეტადაა დანაოჭებული და ხვეულებიც უფრო რთულადაა მოწყობილი, ვიდრე ადამიანებისა და მაიმუნების ტვინში. ამ საკითხში სპილო მხოლოდ ვეშაპისნაირთა რიგს (Cetacea) ჩამოუვარდება. მიიჩნევა, რომ სწორედ ეს ფაქტორებია სპილოს ინტელექტის მთავარი მიზეზი. მათ აქვთ მწუხარების, იუმორის, თანაგრძნობის, თანამშრომლობის, საკუთარი პიროვნების გაცნობიერების, ინსტრუმენტების გამოყენების, გართობისა და სწავლის უნარი. კორეის ზოოპარკის მობინადრე სპილომ თანამშრომლები გააოცა, როცა ბრძანებების გამეორება დაიწყო – ხორთუმის მეშვეობით მომვლელს თავისებურად ბაძავდა საუბარში და ამ ხერხით 8 სიტყვის სწავლა მოახერხა. სპილოებს შეუძლიათ ხელოვნების ნიმუშების შექმნა – რამდენიმე სპილოს საკუთარი თავისა და ყვავილების ხატვა ასწავლეს.

 

სპილოები გამოირჩევიან ყველა დანარჩენ ცხოველზე უფრო მეტად განვითარებული ჰიპოკამპით – საფეთქლის წილის ფუძეში მდებარე ტვინის ნახევარსფეროს ხვეულით, რომელიც მონაწილეობს ემოციურ რეაქციებსა და მეხსიერების მექანიზმებში. კვლევამ აჩვენა, რომ სპილოები ბევრად აღემატებიან ადამიანებს 3 განზომილებიანი ობიექტების დამახსოვრების საკითხში. მრავალი მაგალითი არსებობს იმისა, რომ სპილოები ალტრუიზმით გამოირჩევიან სხვა არსებების მიმართ, მაგალითად, გადაურჩენიათ საფრთხეში მყოფი ძაღლები და ამის გამო სერიოზულად დაშავებულან. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ისინი გამოირჩევიან სიკვდილის მიმართ პატივისცემით და აქვთ დაკრძალვის რიტუალები. ცუნამისა და მიწისძვრის მოხდენამდე სპილოები უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლებენ ხოლმე. ინსტრუმენტების დამზადებისა და გამოყენების უნარის გამო კი მეცნიერები მათ ჰომინიდების (ადამიანი, შიმპანზე, გორილა, ორანგუტანი) ოჯახთან ათანაბრებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s