მონათესავე სულები

ხალხმრავალ ქუჩაში გოგო მიდიოდა,თითქოს სხვებისგან არაფრით გამორჩეული და მაინც…სხვანაირი იყო ეს გოგო.რაღაცნაირი უემოციო სახე ჰქონდა,თითქოს არაფერი აღელვებდა და აფიქრებდა,ვერ ამჩნევდა ირგვლივ მოფუსფუსე ადამიანებს,არ უსმენდა ქუჩის ყურისწამღებ ხმაურს.მიაბიჯებდა გოგო და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა.

გაურკვეველი ბურანიდან ხელზე შეხებამ გამოაფხიზლა და იქვე “თვალებს არ ვუჯერებ,ნუთუ შენ ხარო?!”_საოცრად თბილი ხმაც ჩაეღვარა ყურში.გვერდით ბიჭი მოსდევდა,უცნობი და უცნაური.ისეთი აღტაცებით უცქერდა,ისე გამეტებით უჭერდა ხელს მაჯაზე თავის მონაპოვარს,გოგომ შეპასუხებაც ვერ მოახერხა.ბიჭი კი შეუჩერებლად იმეორებდა ერთიდაიგივეს,თან ატყვევებდა საოცრად მწველი მზერით,თითქოს აგვისტოს მზე უგიზგიზებსო თვალებში.

_”მე რომ პირველად გხედავო?!”_ბოლოს ძლოვს-ძლივობით ამოღერღა გოგომ.

_”ეგ არაფერიო”_არც კი შემკრთალა ბიჭი,_”სამაგიეროდ მე გიცნობ კარგად,ჩემი სიზმრების ფერია,შენ ჩემი სულის ხსნა ხარო.”

გოგოს თავადაც უკვირდა,რომ ეს უცნაური ბიჭი ოდნავაც არ აფრთხობდა,არ აკრთობდა.პირიქით,საოცრად ახლობელიც კი ეჩვენა იგი,იმდენად,რომ მოუნდა,თვალდახუჭულს ევლო მის გვერდით,ბოლომდე მინდობილს,ევლო და გზას არ ქონოდა დასასრული.და მერე,ჰიპნოზის უცნაურ ქსელში გაბმული გოგო კი არ ისმენდა,უკვე თავად ხედავდა ბიჭის სიზმრებს:

ყვითელი იყო ირგვლივ ყველაფერი,ქვიშა,ცა,ჰაერი.თითქოს მზეს აევსო დედამიწა.მოშორებით გავარვარებულ ქვიშას გადღაბნილ ლაქად აჩნდა გამოფიტული,მომჩვარული სხეული.აი,ამ ბიჭის სხეული.დახეთქილ ტუჩებს სისხლი შეხმობოდა,ძლივსშესამჩნევად უფეთქავდა ყელზე არტერია,დროდადრო ახელდა სხივჩამქრალ თვალებს და ფოკუსდაკარგული მზერა ამაოდ დაეძებდა უდაბნოში მხსნელს.მერე შორს წერტილი გამოჩნდა და…ცისფერი იყო.ახლოვდებოდა და იმედი მოჰქონდა.წერტილი ლაჟვარდის სფეროდ იქცა,სფერო_გოგოდ.აი,ამ გოგოდ.წინ გამოწვდილ ხელებში ამფორა ეჭირა,კი არ მოდიოდა,მოსრიალებდა თითქოს.მოუახლოვდა,ჭურჭელი მაღლა ასწია და იქიდან გადმოღვრილი სითხე აპკურა მზით დამწვარ სხეულს.ბიჭი ახლა თვითონ გახდა მაცოცხლებელი სითხის ჭურჭელი,ნელ-ნელა აივსო,აივსო და თვალები გაახილა.გამქრალიყო დამაბრმავებელი სიყვითლე,ლაჟვარდისფერი იყო მთელი დედამიწა.

_”მუდამ მტანჯავდა წყურვილი,მაგრამ წყლის არა,გრძნობები მწყუროდა,ადამიანები მწყუროდა,სითბო,სიყვარული,თანაგრძნობა”_ჩაესმოდა თვალდახუჭულ გოგოს ბიჭის ხმა_”და მეშინოდა,რომ ეს წყურვილი ბოლოს მომიღებდა,მაგრამ ახლა გიპოვე და სული დამიამდაო.”

გოგოს უნდოდა ეთქვა,არა მთელი ქუჩის გასაგონად ეყვირა,რომ თვითონაც ეშინოდა,თვითონაც ეძებდა,რომ ახლა ბედნიერი იყო და ასე ივლიდა,თვალდახუჭული,ამ ბიჭთან ერთად ქვეყნის კიდემდე.

_”არ აღელდეთ,ქალიშვილო,სიმშვიდე შეინარჩუნეთ,ახლავე გაგანთავისუფლებთ.”_ვიღაცის უხეშმა ხმამ,როგორც ფრთაშეკვეცილი ჩიტი,ისე დაანარცხა დედამიწას.გოგომ თვალი გაახილა,გარს თეთრხალათიანები ეხვივნენ,ხელებს უგრეხდნენ ბიჭს და უკან ქაჩავდნენ.ის უძალიანდებოდა,ხელიდან უსხლტებოდა,გოგოსკენ იწევდა,მაგრამ ისევ იჭრდნენ და ქაჩავდნენ.გოგო ხედავდა ერთმა,ყველაზე მოხერხებულმა,როგორ გაუკეთა მკლავში ნემსი,მერე გადააცვეს უმკლავო პერანგი და გაათრიეს მანქანისკენ,რკინის ყუთს რომ გავდა.ხედავდა გოგო,ისევ იმ,ფოკუსდაკარგულ მზერას და არ იცოდა,როგორ ეშველა მისთვის.

მერე წვიმა წამოვიდა,კოკისპირული.ხალხმრავალი ქუჩა უცებ გაიკრიფა.მარტო გოგო იდგა,აბუზული,როგორც ბეღურაა ხოლმე იანვარში და ჩუმად მისტიროდა მონათესავე სულს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s