მაუსის ოთხი დაწკაპუნების თეორია

1960-იანი წლების დასაწყისში, როდე­საც ტელევიზორი და ტელეფონი ფარ­თო მოხმარების საგნებად იქცა, კანა­დელმა ფილოსოფოსმა, მარშალ მაკლუ­ჰანმა და ამერიკელმა ფსიქოლოგმა, სტენლი მილგრამმა ერთმანეთის დამო­უკიდებლად ტექნოლოგიების გავლენა­ზე დაიწყეს ფიქრი. სწორედ მაშინ იშვა ორი ურთიერთდაკავშირებული ტერმი­ნი: მაკლუჰანის „გლობალური სოფელი” და მილგრამის „დაშორების ხარისხი”. მილგრამი აშშ-ის მასშტაბით გაგზავნილ წერილებსა და ღია ბარათებს სტატისტიკური მეთოდების საშუალებით იკ­ვლევდა. ის გასაოცარ აღმოჩენამდე მივიდა: ნებისმიერ ორ ადამიანს შორის დაშორების ხარისხი ექვსს უდრიდა, ანუ მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, გყავთ ნაცნობი, რომელსაც ჰყავს ნაცნობი, მაშინ თქვენსა და ნაცნო­ბის ნაცნობს შორის დაშორების ხარისხი ორი იქნება. თქვენსა და თქვენს ნაც­ნობს შორის კი − ერთი. მილგრამმა აჩვენა, რომ დედამიწაზე ნებისმიერად შერჩეულ ორ ადამიანს შორის შეიძლება „ნაცნობის ნაცნობის ნაცნობის ნაც­ნობის ნაცნობის ნაცნობის’’ პოვნა. მაკლუჰანმა კი შენიშნა, რომ ტელეკომუნი­კაციების განვითარებასთან ერთად მსოფლიო აღქმის თვალსაზრისით უფრო და უფრო პატარავდებოდა – ამიტომაც მას „გლობალური სოფელი” უწოდა, სა­დაც ყველა ყველას დაშორების მეექვსე ხარისხში იცნობდა.

გასულ კვირას გაზეთმა New York Times-მა მილანის უნივერსიტეტის კვლევი­თი ჯგუფის შედეგები მთელ მსოფლიოს ახარა. მილანელმა მეცნიერებმა სპე­ციალური ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც სოციალური ქსელის, Facebook-ის მომხმარებლების სამეგობრო წრეს აკვირდება და მათ შორის კავშირებს შე­ისწავლის. გამოთვლამ ერთ თვეზე მეტ ხანს გასტანა, კვლევის ფარგლებში და­ამუშავეს რამდენიმე ასეული მილიონი მომხმარებლის მეგობრების სია და შე­დეგი დამაფიქრებელი აღმოჩნდა: დაშორების ხარისხი Facebook-ში შეადგენს არა ექვსს, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ 4.74-ს. განვითარებულ ქვეყ­ნებში ეს მაჩვენებელი ოთხს უდრის, განვითარებად ქვეყნებში კი – ხუთს. მიუ­ხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსთა ნაწილი გამოქვეყნებულ შედეგებს ეჭვის თვალით უყურებს, გლობალიზაციის ევანგელისტები ამ ფაქტს დიდი სიხარუ­ლით შეეგებნენ, ვინაიდან უკანასკნელ ორმოცდაათ წელიწადში დაშორების ხარისხის კლება უშუალოდ მიანიშნებს გლობალიზაციის სიჩქარის ზრდაზე. ადამიანები უფრო და უფრო მეტ კავშირებს ამყარებენ უცხოელებთან, აღარ არიან ჩაკეტილები საკუთარი ქვეყნისა და კულტურის ჩარჩოებში, შესაბამი­სად, უფრო მეტი ურთიერთობის ძაფი იბმება ციმბირის ტუნდრიდან ამაზო­ნის ტყეებამდე, გრენლანდიის სოფლებიდან ახალი ზელანდიის კუნძულებამ­დე და ა.შ.

სტენლი მილგრამის აღმოჩენას, გასულ საუკუნეში დიდი გამოხმაურება მოჰ­ყვა და მეცნიერების საზღვრებს გაცდა. უმრავლესობამ ამის შესახებ ჰოლი­ვუდში 1993 წელს გადაღებული ფილმის წყალობით იცის, სადაც უილ სმი­ტის პერსონაჟი თავს სიდნი პუატიეს შვილად ასაღებს და მდიდარ ნიუ იორკე­ლებს ქურდავს. მილგრამის ძალისხმევითა და ჰოლივუდური კინონამუშევ­რის წყალობით „დაშორების ექვსი ხარისხი” მჭიდროდ დამკვიდრდა ინგლი­სურში, როგორც გლობალური სოფლის საზომი, თუმცა Facebook-ის მაგა­ლითმა ცხადყო, რომ ეს ტერმინი ცვლილებას საჭიროებს. ციფრული ეპოქის მკვლევრები, ერთი მხრივ, მაუსის ოთხი დაწკაპუნების თეორიაზე ალაპარაკ­დნენ, რომელიც მათი განმარტებით, გლობალური ქსელის საზომია, მეორე მხრივ კი, განსჯა დაიწყეს მომავლის ტექნოლოგიების რაობისა და გვარობის შესახებ. ეს უკანასკნელი დაშორების ხარისხს კიდევ უფრო შეამცირებს და ჩვენ ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს. ტელეგრაფი-ტელეფონი-ტე­ლევიზორი-ელ.ფოსტა-ინტერნეტი… რა იქნება შემდეგი?! − გაისმის აქა-იქ ხმა მღაღადებელი ინტერნეტსა შინა, რომელსაც Facebook-ის 700 მილიონი მომ­ხმარებლის მაუსის წკაპუნი ახშობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s