ბაგრატ მესამე

 

ბაგრატ მესამე (საქართველოს გაერთიანება).

დიდი ხანი არ არის, ჩვენში თამარ მეფესა და დავით აღმაშენებლის იქით სხვა მეფე არ სწამდათ, და არც ეგულებოდათ რუსთაველის წინამორბედი მწერალი.
ხელმწიფობას იწყებდნენ დავით-გიორგი-თამარით, მწერლობას- რუსთაველით.
ოქროს ხანად საქართველოს უთვლიდნენ მე-XI-სა და მე-XII საუკუნეებს, ხოლო არავინ კითხულობდა, როგორ და ვის მეოხებით შემზადდა და შენივთდა ეს ,,ოქროს საუკუნე”, ვინ განამტკიცა საქართველოს გაერთიანების საქმე, ვინ განაბრწყინა საქართველოს მწერლობა და ანუ განავითარა ქართული სამწერლო ენა. ყოველ ამ ღვაწლსა და სიქველეს მიაწერდნენ აღმაშენებელს და, განსაკუთრებით კი, თამარ მეფესა და შოთა რუსთაველს. არავინ დაგიდევდა, რომ ციდამ მოწყვეტილი არ იყო არც რუსთაველი, არც თამარ მეფე და არც აღმაშენებელი, არავინ ფიქრობდა, რომ გენიოსები ველურებში არ იბადებიან, რომ მაღალ ნიჭიერ სარდლებსა და მწერლებს ჰბადებს გარშემორტყმული წიაღი…
ნამდვილად კი ,,ოქროს საუკუნის” განმტკიცებელი იყო ბაგრატ III და დამგვირგვინებელი-თამარ მეფე.
ისიც არ ვიცოდით, რომ ქართული ენა უმწვერვალესობამდე განავითარეს და მწერლობაც აღაყვავეს მეათე საუკუნის მამებმა თვით ამ ბაგრატ მეფის მონაწილეობითა და მფარველობით, ხოლო რუსთაველმა და მისმა თანამედროვე მწერლებმა უკვდავჰყვეს ეს ენაცა და ეს მწერლობაც.
თუ არ ბაგრატ მეფე, მისი გენიოსი ხელისუფალი იოანე მარუშიძე და თანამედროვე მწერალი მამები. ვეჭვობთ, რომ გაბრწყინვებულიყვნენ თვით დავითები, გიორგიები, თამარები და რუსთაველები. პირველთ მოხნეს და მოთესეს, მეორეებმა მომკეს და მოიხვეჭეს; პირველთ ხიდი გასდეს მეორეების სავლელად დიდებით და ზარცემით, სიქველით და ჯერჩინებით…
ბაგრატი იყო მეფე გურგენის ერთადერთი ვაჟი. საქართველოს ბედ-უბედობა თითქმის ყოველთვის იმაზედ იყო დამოკიდებული, თუ მეფეს რამდენი შვილი ჰყვანდა:მრავალშვილიანი მეფე თავისს სიცოცხლეშივე ქვეყანას უნაწილებდა ხოლმე შვილებს, ხოლო ერთადერთის მემკვიდრის მყოლი მთელს ქვეყანას უანდერძებდა მხოლოდ ამ მემკვიდრეს. სწორედ უბედურება იყო, როდესაც მეფეს ჰყვანდა ორი, სამი თუ ბევრი შვილი:მეფე-მამის სიკვდილის დროს და ხშირად მის სიცოცხლეშივე ძმათა შორის იბადებოდა შური, მტრობა, სიძულვილი, განხეთქილება, ქვეყნის გაყოფა-განაწილება. ასე მოხდა, მაგალ., ვახტანგ გორგასლის სიკვდილის შემდეგ:მისმა შვილებმა ორ დიდ ნაწილად გაიყვეს საქართველო და ერთის შვილის შთამოება ემორჩილებოდა სპარსებს, მეორისა- ბერძნებს. წინდაუხედავმა ალექსანდრე მეფემ თავისს სამს შვილს სამად გაუყო საქართველო, და ერეკლე მეფესა და მისს მემკვიდრეს გიორგი მეფეს ხომ თითოს ცამეტ-ცამეტი ვაჟი ჰყვანდა, და ყველას ცალ-ცალკე საუფლისწულოები მიასაკუთრეს…
და არათუ ვაჟების მამა-მეფე, არამედ ქალებისაც მარტო საქართველოს გაყოფა-განაწილებაზე ფიქრობდა. მაგალ., მეფე მირი რომ კვდებოდა, თავის ძმასა და მემკვიდრეს არჩილს დაავალა:”შენთვის იკმარე ეგრისი, სვანეთი, თავკვერი, არგვეთი და გურია, ხოლო ქვეყანანი ქართლისანი განუყავ ჩემს ქალებსო”. და არჩილმაც მოიწვია ერისთავნი და მიათხოვა მათ თავისი ძმისწულები:ერთი მისცა კლარჯეთ-ჯავახეთს ერისთავს გურამს, მეორე მისცა თრიალეთის, ტაშირის და აბოცის მთავარს, მესამე მისცა ნერსე ნერსესიანსა და მეოთხე-ადარნასეს, და ამათ განუყო ქართლი, მეხუთე მისცა ვარაზმანს, მფლობელს კოტმანიდგან ქურდისხევამდე, მეექვსე მისცა ჯუანშერს, რომელს დაუსაკუთრა ჯვარი, ხერკი, მთიულეთი, მანგლისის ხევი და ტფილისი, და მეშვიდე მიათხოვა აფხაზეთის ერისთავს ლეონს. ასე წარმოდგა შვიდი მძლავრი მთავარი. და ეს კიდევ არ აკმარა ქვეყანას ამ არჩილ მეფემ:კიდევ დაუდგინა ერისთავები თუშებს, დიდოელებს და ხუნძახელთ, აგრეთვე კახეთ-კუხეთს ჰერეთს, წუქეთს.
საქართველოს გრძელს ისტორიაში ერთი მეფეც არა სჩანს ისეთი, რომ გაემეტოს თავისი შვილი, როდესაც ამას მოითხოვდა სახელმწიფოს ერთიანობისა და სიმტკიცის ინტერესი. ისეთი მეფეც კი, როგორიც იყო დავით აღმაშენებელი, ,,ანდერძში” ავალებდა თავისს მემკვიდრეს დიმიტრის:თუ გამოდგესო, ჩემმა ვაჟმა ცვატამაც იმეფოსო…
სულ სხვა კაცი იყო ბაგრატ მესამე:თავის ორ ვაჟთაგან ერთი-ბასილიბერად აღკვეცა, და მრავალ ხელმწიფეთაგან ზოგი დახოცა, ზოგი განდევნა, ზოგიც საპყრობილეში ამოალპო…
მას ბოროტი გული კი არ ჰქონდა, რომ ასრე ულმობელად სდევნიდა ხელმწიფე კაცებს, პირიქით, იგი იყო მეტად ლმობიერი და ნათლად წარმოდგენილი ჰქონდა, რომ ემსახურება მხოლოდ სამშობლოს დიდებასა და ძლიერებას. განდეგილობა სიძაბუნედ, სისუსტედ მიაჩნდა, ერთობა კი-უძლეველობად.
მას შემდეგ, რაც არჩილ მეფემ დაათხოვა თავისი ძმისწულები, განდეგილობამა და განხეთქილებამ მალე იჩინა თავი. ამას ხელი შეუწყო არაბთა შემოსევამაც. არაბებმა საქართველო რომ აიკლეს, ქართველთა მეფის ძლერებაცა და რიხიც შესუსტდა. ამით ისარგებლეს დიდების მოყვარე ერისთავებმა: აფხაზეთისამ-ლეონმა, და კახეთისამ- გრიგოლმა..
ლეონი განდგა 786 წელს და გრიგოლი 787 წელს. პირველმა თავისი თავი გამოაცხადა აფხაზეთისა და იმერეთის მეფედ, დაიპყრა ბედია, ქუთაისი; საყდარიც გაჰყო და მოაშორა მცხეთის საპატრიარქოს და აფხაზეთში ცალკე კათალიკოსი დაადგინა.
მეორემ თავისი თავი აღიარა მთვარად ანუ ქორიკოზად კახეთისა, კუხეთისა და გარდაბანისა. ბრძოლა აუტეხა საქართველოს მეფეს აშოტს და კახეთს შეუერთა ქვეყანა ქსნამდის. რომ უფრო გაძლიერებულიყო, გრიგოლი დაუმეგობრდა ჰერეთის (საგარეჯო-ქიზიყის) მფლობელს, რომელიც ამ ხანსვე გამეფდა.
მეფეები ისხდნენ აგრეთვე ტაოს, არტანუჯს.
ეს ცოტაა კიდევ. ამავე დროს საქართველოში იყო ორი მეფეთ-მეფე; ამათგან ერთი იყო გურგენი, ძე ბაგრატ რეგვენისა, მამა ბაგრატ III-ისა, და მეორე კი-დავით კურატპალატი, მფლობელი ტაოსი, ბასიანისა, თორთმანისა და შავშეთისა.
ყველაზე მძლავრი ამ მეფეთა შორის იყო ეს დავით კურატპალატი. იგი იყო უშვილო და იშვილა ბაგრატ III.
ბაგრატი, როგორც ვთქვით, იყო გურგენ მეფეთ-მეფის შვილი. ამ გურგენს ცოლად ჰყვანდა გურანდუხტი, ასული აფხაზთა მეფის გიორგისა. ამ კურთხეულის გურანდუხტისაგან იშვა ბაგრატი.
დავით კურატპალატი, ბაგრატის მამობილი, იყო კაცი ფრიად მხნე, ახოვანი. იგი ,,ფარად და ზურგად” უდგა არათუ ქართველთა დანაშთენ მეფეებს, არამედ მეზობელ ერთა ხელმწიფეებსაც. მაგალ., მან დიდი შემწეობა აღმოუჩინა ბერძენთა იმპერატორს ბასილის. 12000 მეომარი გაგზავნა თორნიკეს წინამძღოლობით და იმპერატორის მოწინააღმდეგე ქვეშევდრომი ბარდოს სკლიაროსი შეამუსვრინა. დავითმა მშვიდობა დაამყარა სომხეთშიაც.
ბაგრატ ჯერ ისევ მცირეწლოვანი იყო, რომ ქართლს შემოესივნენ კახნი და უფლისციხე აიღეს. მაშინ იოანე მარუშიძე იყო ერისთავად ქართლისა. ამან კაცი აახლა დავით კურატპალატს და მოახსენა:,,ან შენ მოდი და ქართლი დაიპყარ, ანდა ქართლს გაამეფე შენი გაზრდილი და შვილობილი ბაგრატი”. დავითმა შეისმინა მარუშიძის თხოვნა, დიდის ლაშქრით წამოვიდა და ქართლს ჩამოდგა. კახნი შეშინდნენ და ქართლს გაეცალნენ. მარუშიძემ უფლისციხე გადასცა დავით კურატპალატსა, ამან ქართლის მეფედ გამოაცხადა ბაგრატი (980 წელს), ასრე: დავითმა შემოიკრიბა ყველა აზნაურები და უბრძანა:,,ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, მე ვარ მოურავი მისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი”.
ესრე უთხრა ქართველებს, უფლისციხეში დასტოვა ბაგრატი, მისი მამა გურგენი და დედა გურანდუხტი და თვითონ წავიდა ტაოს.
სამწუხაროდ, დავით კურატპალატის მოწოდებამ და რჩევამ გონს ვერ მოიყვანა ქართლის აზნაურები: ,,კვალად იწყეს მედგრობით ზაკულება, ვითარცა არს ჩვეულება ქართლისა აზნაურთა”. ნაქურდეველნი და საბოტარელნი შეებნენ კახელებს, მოიყვანეს კახეთის ლაშქარი და გადასცეს უფლისციხე. კახელებმა შეიპყრეს ბაგრატ მეფე, მისი მამა გურგენ, დედა გურანდუხტი და წაიყვანეს კახეთს.
შეიტყო-რა ეს, დავით კურატპალატი ფრიად განრისხდა. დიდის ძლიერებით წამოვიდა, თრიალეთზე გადმოვიდა, რომ წავიდეს და შური იძიოს. კახელებს შეეშინდათ, ბაგრატ, გურგენ და გურანდუხტი გაათავისუფლეს, ზავი ითხოვეს, ქართლი და უფლისციხე მოსცეს და თავისთვის მხოლოდ დაიტოვეს წირქვალის ციხე და გრუი.
დავითმა სისხლი არ დაღვარა. ქართლი ჩააბარა დედოფალს გურანდუხტს და დაბრუნდა. ბაგრატი დედ-მამით ისევ უფლისციხეში გამაგრდა, და აქედან იწყეს მართვა ქართლისა.
მიუხედავად ყველა ამისა, საქართველოში სასურველი მშვიდობა მაინც არ იყო.
აქა და იქ ქვეყანა ღელავდა, მეტადრე აფხაზეთს უჭირდა საქმე. აქ მეფობდა თევდორე-ბრმა, დედის ძმა ბაგრატისა. ეს, ძმის მეფის დიმიტრის შიშით გარდახვეწილი კონსტანტინეპოლს, მოიყვანეს წარჩინებულ აფხაზებმა. დიმიტრი ფიცით შეურიგდა თევდორეს, მაგრამ მერე ფიცი გასტეხა, დაიჭირა ძმა თავისი და თვალები ამოსწვა. დიმიტრი რომ მოკვდა (979 წ.), ბრმა თევდორე გამეფდა. ამ დროს აირია აფხაზეთის საქმეები:თევდორეს ქვეყნის მართვის თავი არა ჰქონდა და ამიტომ მის სამეფოს ბედი უკუღმა დატრიალდა, ამასთან თევდორე უშვილოც იყო.
სწორედ ამ დროს გაისმა სანუგეშო ხმა და მოწოდება დიდებულის მამულისშვილის ქართლის მძლავრ ერისთავის იოანე მარუშიძისა.
მან შეკრიბა ქართლისა და აფხაზეთის თავი კაცები და უთხრა: ,,აფხაზეთს უჭირს ჩალა-მეფის უვარგისობის გამო. იგი უშვილოა, მისი ტახტის მემკვიდრე მეფე ბაგრატია, რადგან ეს არის შვილი გურანდუხტისა, თევდორეს დისა. ვთხოვოთ კურატპალატს ბაგრატი, მისი შვილობილი და გაზრდილი, მოგვცეს მეფედ აფხაზთა.
თევდორე გადავაყენოთ და ბაგრატი გავამეფოთ. ამას მოითხოვს ქვეყნის სარგებლობა:ქართლი და აფხაზეთი გაერთიანდებიან, ქვეყანა გაძლიერდება და აშენდება”.
მარუშიძის რჩევა მოიწონეს. დავით კურატპალატს აცნობეს. მან ნება დართო.
წაიყვანეს ბაგრატი, გაახელმწიფეს აფხაზეთს და მეფედ აკურთხეს ქუთაისს (985 წ.).
ქართლი და აფხაზეთი შეერთდნენ.
ბაგრატმა მოიარა აფხაზეთი, განაგო იქაური საქმეები, ბრმა ბიძა თევდორე შეიპყრა და დავით კურატპალატს გაუგზავნა:აქ რომ დარჩეს, უწესოებას და განხეთქილებას დაიწყებსო.
შემდეგ ამისა ისევ ქართლს მოვიდა და დადგა თიღვს. მეფეს ეწადა ქართლის საქმეებიც განეგო, დრკუ და ორგული კაცები აელაგმა. აქ მაშინ ბევრი აზნაური იყო გაყვიზინებული და გაამაყებული. ამისთანაები არ ფიქრობდნენ ვისმე დამორჩილებოდნენ და ქვეყანას დამოუკიდებლად განაგებდნენ, თუმცა გარეგნულად ემორჩილებოდნენ ბაგრატის დედას გურანდუხტსა, უფლისციხეში მყოფს.
ამგვარ აზნაურებს არ ეპრიანათ ბაგრატის გადმოსვლა. იწინაძღვრეს ქავთარ ტბელი, დიდის ძალით მოგროვდნენ მაღრისს და ბრძოლა გამოუცხადეს ბაგრატს.
ბაგრატი ახოვანად დაუხვდა მეამბოხე აზნაურებს. აღუზახა თავის ლაშქარს, მიესია მტრებს, დაამარცხა, ზოგი დახოცა, ზოგი შეიპყრა, დანაშთენნი განიბნენ, გაიფანტნენ.
მერე მივიდა უფლისციხეს, განაგო ქართლის საქმეები, წაიყვანა დედა და წავიდა აფხაზეთს. ,,ვით ხელოვანმან მენავეთ მოღვარმან, ისე გააგო სამეფოს საქმეები; ურჩი ამხილის, მისსა ადგილსა განადიდის ერთგული და მისანდობელი”.
ერთი ასეთი ურჩი კაცი იყო რატი ორბელიანი, ერისთავი კლდეკარისა, პატრონი ატენისა, თრიალეთისა, მანგლისისა და საკვირეთისა. ეს ,,არა მორჩილებდა კეთილად” ბაგრატ მეფეს.
მეფემ მოუწოდა ლაშქარს და იმერეთით უგრძნეულად გადმოვიდა, რომ შემოერტყას რატის და შეიპყრას. საქმე რომ კარგად მიდიოდა, ბოროტმა კაცებმა, ალბათ, იმათ, რომელთაც მეფის გაძლიერება არ ეპრიანებოდათ, რადგან ამით მათს პარპაშობას ბოლო ეღებოდა, დავით კურატპალატს უთხრეს:”ბაგრატი შენ მოსაკლავად მოდისო”. დავითმა დაიჯერა და დიდის ლაშქრით წამოვიდა თრიალეთისკენ და დადგა დლივს. ბაგრატიც მოვიდა კარუშეთს. აქ დასტოვა თავისი ლაშქარი და მარტოდ-მარტო წავიდა თავის აღმზრდელის წინაშე და აუწყა:,,მორჩილებისათვის რატისა მოველ და არა სხვისა რისათვის”. დავითმა დაყვავებით მიუგო: ,,მითხრეს ჩემს მოსაკლავად მოსულიყავ, აქ ვცან უბრალო ხარ.
მითავისუფლებიხარ რატიზედ. როგორც გინდოდეს, ისე დაიმორჩილე”.
ამხელად ბაგრატი ისევ აფხაზეთს წავიდა. იქ იზამთრა და მერე უგრძნეულად წამოვიდა და რატის ციხის კლდეკარს შემოერტყა. რატიმ ციხე და თავისი შვილი ლიპარიტი გადასცა ბაგრატს და თვითონაც წავიდა არგვეთს და იქ დადგა საცხოვრებლად.
ამხანს გარდაიცვალა მეფეთ-მეფე დავით კურატპალატი, მამობილი ბაგრატისა (1001 წელს).
გარდაცვალებული მეფეთ-მეფე ძლიერი იყო, მაგრამ შორს გამჭვრეტელობა აკლდა.
ზევით უკვე ვსთქვით, დავით კურატპალატი დაეხმარა ბერძენთა იმპერატორს მეამბოხე სკლიაროსის დასამარცხებლადო, რადგან სკლიაროსის განადგურება და კონსტანტინეპოლის ტახტის ხსნა უმთავრესად ქართველთ ლაშქრის უნარი იყო, ამიტომ ჯერ ისევ მცირეწლოვან იმპერატორმა ბასილიმ და მისმა დედამ თეოდორამ დავით კურატპალატს დაუთმეს რამდენიმე ციხე-სიმაგრე თავის საბრძანებლის აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოს მომიჯნავედ. ეს ციხეები დავითს უნდა სჭეროდა, ვიდრე ცოცხალი იყო. დავითი რომ კვდებოდა, ეს ციხეებიც და, არ ვიცით, რა მიზეზით, მთელი თავისი საბრძანებელიც უანდერძა ბასილი იმპერატორს, და არა თავის შვილობილს ბაგრატს. ბასილი დიდის ლაშქრით მოვიდა. მას მიეგებნენ კურატპალატის აზნაურნი და გადასცეს ციხე-სიმაგრეები. მის წინაშევე მოვიდნენ ბაგრატ მეფე და მისი მამა გურგენ მეფეთ-მეფე. ბასილიმ პირფერული სიყვარული გამოუცხადა მათ; რომ მამა-შვილს შორის შური და უთანასწორობა ჩამოეგდო, შვილს ბაგრატს უბოძა უმაღლესი ჯილდო, კურატპალატობა, და მამას, გურგენს – უმდაბლესი მაგისტროსობა. მაგრამ ამით ვერ არია მან საქართველოს საქმე და მამა ვერ წააჩხუბა შვილსა:გურგენი კეთილი და შორსმხედველი კაცი იყო.
ასე გავიდა რამდენიმე წელიწადი. გურგენი გარდაიცვალა (1008 წ.). ბაგრატი უფრო მედგრად შეუდგა სახელმწიფოს მართვის საქმეებს. ,,ურჩნი შესცვალა დიდებისაგან და ადგილთა მათთა დაადგინა ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა, ყველა მეფეს წარემატა ყოვლითა განგებითა”. ლაშქარიც ისე გაიმრავლა, რომ მანამდე სხვა მეფეს არა ჰყოლია ამდენი მეომარი. მერე დიდის დიდებით გადმოვიდა ქართლსა, კახეთს წარგზავნა მოციქული და ითხოვა, ქართლის ციხეები რომ გიჭერიათ, დამითმეთო.
კახეთში მაშინ ქორეპიკოზობდა დავითი. ეს ამაყი კაცი იყო და ბაგრატს შემოუთვალა:,,უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩვენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი. მე წინამოგებებო კსანსა ზედა”.
ბაგრატმა მცხეთის ხიდი განვლო, მივიდა თიანეთს და იწყო კახეთის ციხეების შემუსვრა. დავით ქორიკოზი ვერ გაუმაგრდა მეფეს, რომელმაც ამასთანავე დაიპყრა ჰერეთი და მთავრად დაუდგინა, აბუღალი. ბაგრატი რომ დაბრუნდა, ჰერნი მიემხრნენ დავით ქორიკოზს და ამან დაიჭირა ჰერეთი.
ეს დავითი ამავე ხანს მოკვდა და გაქორიკოზდა მისი ძე კვირიკე.
ამასობაში ბაგრატ მეფე კვლავ მოვიდა აფხაზეთიდამ, ხელახლა დაიპყრა ჰერეთი, დაატყვევა აქაური მეფის მეუღლე დინარ დედოფალი, ის დინარი, რომელმაც მწვალებლობიდამ მართლმადიდებელთა სჯულზე მოაქცია ჰერეთის მკვიდრნი. ორს წელიწადს მეფემ აიღო კახეთის ციხეები, კვირიკე შეამწყვდია ბოჭორმას, მალე მოსწურა ეს ციხე და აიღო. მერე ისევ დაბრუნდა ბაგრატი და თან წაიყვანა დინარ დედოფალი და კვირიკე ქორიკოზი და თავისს ,,კარსა დაიმჭირა” იგინი.
ბაგრატის ძლიერება არაფრად მიაჩნდა განძის (განჯის) ემირს ფადლონს.
ეს ფადლონი იყო ქრისტიანთა მოძულე; არბევდა საქრისტიანო ქვეყნებს, არ უსვენებდა კახეთ ჰერეთს, არბევდა, ატყვევებდა ხალხს. იგი იყო მეტად გალაღებული.
ბაგრატ მეფე დიდის ლაშქარით წავიდა მის წინააღმდეგ. შევიდა რანს და დაიპყრა, მერე შემოადგა სახელოვანს ქალაქს შანქარს, რომელიც ძლიერ იყო გამაგრებული და მკვიდრად მოზღუდვილი. ბაგრატმა ფილაკავანი დაუდგა, და რამდენსამე დღეში დალეწეს შანქარის ზღუდეები. ქალაქი რომ მოსწურა, ფადლონმა მეფეს აახლა მოციქული, ითხოვა შენდობა, აღუთქვა ერთგულობა და მსახურება, გაუკვეთა ხარჯი და დაჰპირდა თავის ჯარით შემწეობის აღმოჩენას ყოველგან და ყოველთვის. მეფემ შეიწყნარა მისი თხოვნა,- და ძლევამოსილი დაბრუნდა დიდის დიდებითა და ნაშოვნით.
ჯერ ამაზედაც წინად ბაგრატმა ბოლო მოუღო კლარჯეთის მეფეებს, სუმბატსა და გურგენს, რომელნიც იყვნენ ბაგრატ არტანუჯელის ძენი.
ბაგრატიონთ გვარეულობა მეტად გამრავლდა მე IX-X საუკუნეებში. ამათ გაენაწილებინათ მთელი საქართველო. ზოგი მეფობდა, ზოგი ერისთავობდა, ზოგი ერისთავთ-ერისთავობდა; ზოგი იყო მაგისტროსი, ზოგი იპატოსი, ზოგი პატრიკი, ზოგი კურატპალატი, ზოგი სევასტოსი ანუ ნობილისიმოსი. შუღლი, მტრობა, დავიდარაბა იყო გამეფებული მათ შორის. ღალატი, ერთმანეთის ხოცვა გახშირებული იყო. ყველა ამას ხელს უწყობდა საბერძნეთის ტახტიც, რომელიც წყალს არ უწმენდავდა საქართველოს ძმის მკვლელებსა, მოღალატე ბაგრატიონებს მფარველობას უწევდა და ბინას აძლევდა თავისს კარზე.
თავისის გამჭრიახის ჭკუა-გონებით ბაგრატმა ნათლად დაინახა, თუ რა ვნება მოჰქონდა ქვეყნისათვის მრავალმეფობას. ამიტომ არ დაინდო სუმბატ და გურგენ მეფენი.
ერთხელ ბაგრატი მივიდა ფანასკერტის ციხეში. ეს ციხე ეკუთვნოდათ ციციშვილებს და მეტად მაგარი და მიუდგომელი იყო. ამ ციხეში მეფემ გამართა დიდი სტუმრობა, დაიპატიჯა დიდკაცობა და აგრეთვე მეფენი სუმბატ და გურგენ. პურობის დროს შეიპყრა ეს უკანასკნელნი, წარმოგზავნა თმოგვის ციხეში და აქ დაამწყვდია, კლარჯეთი და მთელი მათი ნაქონები ქვეყანა კი შემოუერთა დანარჩენ საქართველოს.
საწყალი სუმბატ და ძმა მისი გურგენ თმოგვშივე დაიხოცნენ:სუმბატი 1011 წელს და გურგენი-1012 წელს. ამათი შვილები- სუმბატისა ბაგრატ და გურგენისა დემეტრე- გაიქცნენ კონსტანტინეპოლს და ბასილი იმპერატორს შეეწყნარნენ. ვინც კი კლარჯთა მეფეების ჩამომავალი აქ დაშთა, ყველანი უწყალოდ მოისრნენ, პატიმრობაში ამოწყდნენ.
ასე მოაშორა ბაგრატმა სახელმწიფოს მეტხორცნი, მუქთა ხორა მეფეები. ყველგან დანიშნა თავისი საკუთარი მოხელეები და წარმატების გზას დააყენა თვისი მაღალნიჭიერი, გულადი, მხნე და პურადი ერი.
ბაგრატის თვითმპყრობელობას დაემორჩილა მთელი კავკასია ჯიქეთიდან კასპიამდე და კავკასიონიდამ სამხრეთამდე.
პოლიტიკურს გაერთიანებას მოჰყვა სულიერი გაერთიანებაც.
ლეონის დროს აფხაზეთში შემოღებული კათალიკოზობა ბაგრატმა მოსპო და იმერ-აფხაზთა სამღვდელოება ისევ მცხეთის კათალიკოზ-პატრიარქს დაუმორჩილა. თვით ეს მცხეთის სვეტიცხოველი და ქალაქი მცხეთაც, თითქმის, ხელახლა გააშენა, გაალამაზა, განაახლა და შეამკო.
მემატიანე სწერს: ,,ბაგრატს მიმადლა ღმერთმან განახლება მცხეთის ქალაქისა, და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტიცხოველი ყოვლითა სამკაულობითა, ოქროითა და ვერცხლითა, თვალითა და მარგალიტითა, შეჭედა სვეტიცხოველი ოქროითა და ვერცხლითა, შესჭედა წმ. საკურთხეველი ოქროითა და ვერცხლითა, თვალითა და მარგალიტითა, მოსჭედა კანკელი და კარნი საკუთხეველისანი ოქროითა და ვერცხლითა, შექმნა წმ. სამარტვილო ოქროითა, ვერცხლითა, თვალითა და მარგალიტითა, შექმნა ძელი ცხოვრებისა-ორ თვალითა და მარგალიტითა, დაასვენა ყოველთა წმიდათა ნაწილნი აუარებელნი, მოჭედილნი ხატნი თვალითა და მარგალიტითა შემკულნი, წიგნნი, მოჭედილ-მოუჭედელნი, რომელ თვითონ აღაწერინა, ჯუმლად 25-ნი, თვით ტაძარს აუშენა ბჭე, სტოა და დახურა სახურავი”.
მეფემ არ დაივიწყა აგრეთვე აფხაზეთიცა და ქუთაისიცა. აფხაზეთში ააშენა დიდებული ბედიის ტაძარი, რომელიც შეამკო ყოვლითა სამკაულითა. გუდაყვის საეპისკოპოსო მოშალა და მის მაგიერ აქ დასვა მაკურთხეველი-ბედიელი. ბედიის სიმდიდრითა და შემკულობით განცვიფრებული მემატიანე სწერს: ,,უკეთუ ვისმე ენების განცდად და გულისხმის ყოფად სიმაღლისათვის და დიდებისა მეფობისა მისისა (ბაგრატისა), პირველად განიცადოს სამკაული ბედიის ეკლესიისა და მისგან გულისხმა ჰყოს და სცნას, რომელ არავინ სხვა მეფე ყოფილ არს მსგავსი მისსა ქვეყანასა ქართლისა და აფხაზეთისასა”.
ქუთაისის საყდარი, რომლის საძირკველი ჩაჰყარა 1103 წელს, ამავე ბაგრატმა აკურთხებინა ,,განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოზნი, მღვდელ-მოძღვარნი, ყველა მონასტრების წინამძღვარნი, ყველა დიდებულნი, ზემოთნი და ქვემონი, მამულის და სამეფოისა მისისა მყოფნი და სხვათა ყოველთა სახელმწიფოთანი”.
ამ ბაგრატის ტაძარს თარიღი აზის არაბულის ციფრებით 223 (1103 წ.). დიუბუა დე მონპერემ ამ ტაძრის თარიღიანი წარწერა გადაიღო და აჩვენა პარიზის ,,აზიის საზოგადოებას”. ამ საზოგადოების მიერ შეკრებილ ცნობებით აღმოჩნდა, რომ ქართველებს უფრო ადრე სცოდნიათ ციფრების ხმარება, ვიდრე თვით არაბებს.
საქართველოში ინდოეთიდგან შემოვიდოდაო ციფრები და ინდოეთში კი მათი ხმარება IX საუკუნეშივე იცოდნენ. უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა ცხრა ციფრი გამოხატულია აგრეთვე ქართულს დავითნში, რომელიც გადაწერილია 974 წელს.
ბაგრატისა და დავით კურატპალატის დროს აშენდა აგრეთვე ათონის ქართველთა ლავრა, საცა მოღვაწეობდნენ იოანე, მისი შვილი ეფთვიმე მთარგმნელი, თორნიკე, არსენი ნინოწმინდელი და მრ. დიდებულნი მამულიშვილნი. ათონით საქართველოში შემოდიოდა ევროპიული განათლება და ყველა საწაღმართო აზრები და დაწყობილობანი.
ბაგრატ მეფემ დიდი დახმარება აღმოუჩინა აგრეთვე იერუსალიმის ქართულ მონასტრებს და მათში მოღვაწე ბერებს. ბაგრატის სახელი იდიდებოდა არათუ მარტო საქართველოში, არამედ საბერძნეთს, ათონს, სიონს, პალესტინას, სომხეთს.
ბაგრატ მესამე და მისი მამობილი დავით კურატპალატი იყვნენ მფარველნი მწერლობისა, საგალობლების შემადგენლებისა, მხატვრობისა, მქადაგებლებისა და სხ. ტყუილად კი არ ამბობს ანტონი კათალიკოზი, რომ ბაგრატი, მმეფობი კოლხიდით ჰირკანიამდე (კასპიამდე) საქებიაო, ამიტომ რომ მის დროს აღყვავდნენო მრავალნი ბრძენნი, წიგნთა მთარგმნელნი, ღრამატიკოსნი, მან ეკალთა შორის აღმოაცენაო სურნელოვნება. მის დროს გადაწერილი, დახატულ დაფერადებული წიგნები დღესაც ანცვიფრებს კაცს ხელოვნების სიკეთითა და სიმშვენიერითა.
თვით ბაგრატ მეფე იყო ჩინებული ისტორიკოსი. მან დასწერა აფხაზეთის ისტორია, ანუ ,,აფხაზთა ცხოვრება”.
სპარსეთში ისტორიის წერა ანუ, უკეთ ვთქვათ, ყეენების ამბების მოთხრობა, იწყეს მხოლოდ 1000 წლის დასასრულიდან. ჩვენში ისტორიოგრაფია უფრო ადრე გაჩნდა. ბაგრატმა ,,აფხაზთა ცხოვრება” დასწერა 992 წელს, ხოლო ამაზე წინად ქართლის მოქცევა და მოკლე ცნობები ქართველ მეფეების შესახებ შეადგინეს მე-VII საუკუნეში. ეს ისტორიული ცნობები და მოთხრობანი დიდათ განათლებულმა მე-X საუკუნის მწერალმა ბერაიმ შეიყვანა თავის ცნობილს შატბერდის კრებულში.
მიქელ მოდრეკილმა დაგვიტოვა უკვდავი ძეგლი, ნოტებიანი საგალობელი წიგნი, რომელშიაც მას შეუტანია საგალობლები მინჩხისა, ტბეთის ეპისკოპოზის იოანესი და მრ. წარჩინებულ მოღვაწეთა და მწერალთა. ამ კრებულშიაც ბევრი წერილი ისტორიულის შინაარსისაა.
ჩვენამდე მოუხწევია კიდევ ბევრს სხვა შესანიშნავ წიგნს, რომელიც დაწერილა მეათე საუკუნის დასასრულს.
უნდა შევნიშნოთ, რომ არც ერთ საუკუნითგან იმდენი წიგნი არ დაგვშთენია, რამდენიც მეათე საუკუნითგან. ამ დროის წიგნთა რიცხვი აუარებელია. ყველა დაწერილია განსაცვიფრებელის ხელოვნებით, შვენიერ უხუნო ფერადებით, შვენიერად გამოქნილს ტყავზედ (ეტრატზე).
შესანიშნავი ის არის, რომ ამ დროს, როგორც სჩანს მაშინდელ ხელნაწერ წიგნებიდან, ქართველებს სცოდნიათ მზის საათი, დღისა და ღამის მოქცევა, წელიწადის დროთ და მთვარის (თვების), დღეთა გამოთვლა (ხელთა); სცოდნიათ აგრეთვე წესები მეურნეობისა, შინაურ ცხოვრებისა, ლამაზი ჩაცმა-დახურვა, იარაღების კეთება, ძვირფასი კაზმულობა ცხენებისა, ფულის ჭრა და ლიტრობით რწყვა და სხვ.
აი, ამ დროის სიგელი:,,მივათვალენით სოფელნი და მოგვიწონა 30 ლიტრა ოქრო, 30 ლიტრა ვერცხლი, 1000 პერპერა, 1000 სტავრა, მოგვცა:შვიდი ჯორი, შვიდი ქორი კაპოეტი, შვიდი მეზებარი, შვიდი მწევარი. თეთრისა (ფულის) რა ანგარიში უნდა!
კაბარჭითა გარდაუწყე. უკანისა საფასე ემცრობოდა და კიდევ მოგვეშალნეს და მივეცით კიდევ ერთი ჯორი პალავრა-კურტნითა, ერთი ცხენი სამასად, ერთი უნაგირი ხუთასად, ერთი ლაგამი მარგალიტის ძირითა, და კიდევ ერთი დღე ანეული ციხისა ბეგარი, ერთი დღე სამკალი, ერთი დღე სალეწავი თუ გრივი გამოვიდეს, 9 გრივი პატრონსა და მე-10 ციხე-ვერელთა. წელიწადსა შიგან ერთი დღე ნადირობისა არის. ბეგარა: კაცისა თავსა ორ-ორი ჯამი შეჭამანდი, ორ-ორი პური, ორ-ორი პირი ღვინო.. სიგელი ასე თავდება: ,,მითავისუფლებიან მეფეთა და დედოფალთაგან, დიოფალთა და დიდებულთაგან, აზნაურთა და მათთა ცოლთაგან, მითავისუფლებიან ყოველთავე ხელთაგანმოლარეთაგან შეუღლებულთა, მეჯინიბეთა, მესაბანჯრეთა, მეგოდრეთა, მეჯამეთა, ყოველთავე დარბაზით გამოსულთა ხელოსანთაგან”…
ქართველმა არასოდეს არ უნდა დაივიწყოს, რომ ბაგრატ მეფის სახელმწიფო კარი, მთელი მისი ოჯახი იყო უმაღლესი სკოლა, კერა განათლებისა, წარმატებისა. გურანდუხტი, დედა ბაგრატისა, იყო ფრიად მაღალზნეობიანი, ფრიად ჭკუიანი და შორსმხედველი დედოფალი, იგი თავის შვილს შველოდა ყოველს საწაღმართო საქმეში. შვილის მცირე წლოვანობის დროს ქვეყანასაც ჰმართავდა, ხოლო ბედიის ტაძრის აშენებაში დიდს დახმარებას უწევდა ბაგრატსა.
მეფე ბაგრატს ჰყვანდა სამი შვილი, ორი ვაჟი (გიორგი და ბასილი) და ერთი ასული.
გიორგი მამის სიკვდილის შემდეგ გამეფდა, ხოლო ბასილი, როგორც უკვე ვსთქვით, მამის სიცოცხლეშივე ბერად შედგა და მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში. ეს ხახული, რომელიც აწ არასია, მაშინ ითვლებოდა უმაღლეს განათლების კერიად.
ბასილთან ერთად აქ ნათობდნენ მაკარი, ილარიონ თუალელი, რომელიც ,,ბრწყინავდაო, ვითა დილის ცისკარი”. ბასილი ითვლებოდა განმანათლებლად მთელის საქართველოისა. ბასილმა, სხვათა შორის, ხახულში მიიღო და დალოცა უდიდესი მასწავლებელი ქართველთა, გიორგი მთაწმინდელი.
ამ ბასილზე არა ნაკლები იყო მისი დაი, მეუღლე ფერისი ჯოჯიკისა. გიორგი რომ მცირეწლოვანი იყო, იზრდებოდა ამ ფერისის მეუღლის სასახლეში. მას ასწავლიდა ორივე ბიძა გიორგი, ჩინებული მწერალი, რომელიც დავით კურატპალატის მწერალთა უხუცესად ყოფილიყო. ფერისს ბერძნებმა ღალატი შესწამეს, თავი გააგდებინეს და მისი სახლობა გიორგი მთაწმინდელითურთ კონსტანტინეპოლს წაიყვანეს.
ბასილის დაი აქ დარჩა 12 წელიწადს, აქ გიორგიმ შეისწავლა ბერძნული ენა და ფილოსოფია. შემდეგ ბასილის დაი დაბრუნდა სამშობლოში და დაბინავდა ტვარწატაფას. აქ მოსვლის შემდეგ გიორგი მთაწმინდელი გამოეთხოვა ამ სათნოებით აღსავსე დედაკაცს, წავიდა ისევ ხახულს, მერე ათონს და საქართველო მორწყო ჩინებულის თარგმანებით.
სიკვდილის წელს ბაგრატ მეფემ მოივლო ჰერეთი, კახეთი, აფხაზეთი, აჭარა, მოვიდა ტაოს და დადგა ფანასკერტის ციხეში. აქ ავად გახდა და გარდაიცვალა 1014 წელს 17 მაისს, პარასკევს. მისი გვამი ერისთავთ ერისთავმა ზვიადმა მოასვენა ბედიას და დამარხა დიდებით.
ბაგრატის გულითადი წადილი იყო საქართველოს გაერთიანება და გაერთიანებით მისი გაძლიერება. დიდება ბაგრატისა იყო დიდება ქართველის მამულისა, მთელის ივერიისა ანუ საქართველოისა.

Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s